ახალი ამბები

თაღლითობაში ბრალდებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

10 დეკემბერი, 2020 • 888
თაღლითობაში ბრალდებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ნფორმაციით, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, თითქოს საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობდნენ, მოქალაქეებისგან მოტყუებით ნახევარი მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. კერძოდ, მოქალაქეები გარკვეული ოდენობის თანხას კომპანიის ანგარიშზე რიცხავდნენ, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, ბირჟებზე ვაჭრობის ნაცვლად ბრალდებულები განკარგავდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016-2018 წლებში შპს ,,ეფიქს ბიზნეს გრუპის“ ხელმძღვანელი პირები – ი.ჭ, გ.ჭ და გ.კ., თითქოსდა საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის მიზნით, მოქალაქეებს სთავაზობდნენ შესაბამისი მომსახურების გაწევას. კერძოდ, კომპანიის ანგარიშზე არიცხინებდნენ დიდი ოდენობით თანხებს და პირადად ისე განკარგავდნენ, რომ რეალურად რაიმე ტიპის ვაჭრობა არ ხორციელდებოდა. ამავდროულად, დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულები ვაჭრობის მსურველ პირთა შესაბამის პლატფორმებზე არსებულ ე.წ. ,,პირად კაბინეტებში“ არსებულ კომპიუტერულ მონაცემებს ხელოვნურად ცვლიდნენ. აღნიშნული ხერხით, ზემოხსენებული პირები 67 მოქალაქის კუთვნილ 500 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ”,-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურამ ი.ჭ-ს, გ.ჭ-ს და გ.კ-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლა).

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირები სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ი.ჭ-ს და გ.კ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ჭ-ს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი