ახალი ამბები

თუ პოლიტპატიმრები არ გამოვლენ, არ შევდივარ 11 დეკემბერს პარლამენტში — ელისაშვილი

9 დეკემბერი, 2020 • 952
თუ პოლიტპატიმრები არ გამოვლენ, არ შევდივარ 11 დეკემბერს პარლამენტში — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ პოლიტპატიმრები ციხიდან არ გამოვლენ, ისე 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოელი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ოპოზიციის მიერ “ქართული ოცნებისთვის” წარდგენილი ოთხპუნქტიან წინადადებაში მეორე პუნქტი პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.

“პოლიტპატიმრებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი… ეს საკითხი არის უპრინციპულესი საკითხი, ცუდია, რომ ვაჭრობენ, მაგრამ იყო ამაზე ლაპარაკი, ამაზე ძაან პრინციპული ლაპარაკია და არ ვილაპარაკოთ? არ გამოვაშვებინოთ? ოთხ პუნქტში მეორე საკითხად გვიწერია პოლიტპატიმრები[…] მოკლედ, პოლიტპატიმრებზე სერიოზული ლაპარაკია, ვერ ვიტყვი.

არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ნაღდად, მაგრამ სერიოზული ლაპარაკი მიდის ამასთან დაკავშირებით. თუ პოლიტპატიმრები გამოვიდნენ, ის ადამიანები, დღეს რომ დარბოდნენ და ჩემზე უსინდისოდ თითს იშვერდნენ და ფოტოებს აფრიალებდნენ, თან იციან, რომ იქ ლაპარაკი მიდის პოლიტპატიმრებზე, თუ ის ხალხი გამოვიდა, მერე არ შერცხვებათ?”— აცხადებს ელისაშვილი.

კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, ელისაშვილი პასუხობს, რომ არ შევა.

“არა, 11-ში არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვას შეასრულებენ”, — ამბობს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი