ახალი ამბები

პოლიტიკაში რისთვის ვართ, ბოკერიასთან ერთად ქუჩაში ვიდგე? არა — იოსელიანი

9 დეკემბერი, 2020 • 785
პოლიტიკაში რისთვის ვართ, ბოკერიასთან ერთად ქუჩაში ვიდგე? არა — იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ამის ჩაშლის შესაძლებლობას არავინ მისცემს.

მისი თქმით, არავის არ უნდა, რომ ოპოზიცია ქუჩაში დარჩეს, გარდა “ევროპული საქართველოს” ლიდერებისა, გიგა ბოკერიასი და გიგი უგულავასი.

“არსებობს მოლაპარაკების რესურსი და რახან ეს რესურსი არსებობს, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ეს ჩაშალოს. იმიტომ, რომ ამის ჩაშლა და იმის დაკარგვა, რაც ჩვენ ხელში გვიჭირავს უკვე და რაც შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, ვგულისხმობ საარჩევნო სისტემას და ბარიერების სისტემას, ამის ჩაშლა იქნება ამ ქვეყნის მტრობა.

ჩვენ თუ დავრწმუნდებით, რომ ეს შეთანხმება ამ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, აბა, პოლიტიკაში რისთვის ვართ, ბოკერიასთან ერთად ქუჩაში ვიდგე? — არა! იმისთვის, რომ ამ ქვეყნისთვის თუ მივაღწევ რაღაცა უკეთესს, რა თქმა უნდა, შევალ პარლამენტში და მერე პარლამენტში გავაგრძელებ”, — განაცხადა იოსელიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

ამასთან, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მძევლობაშია. როგორც იოსელიანი ამბობს, “ევროპულ საქართველოს” სურს მოლაპარაკებების პროცესის დაზიანება, რადგან პარტიის ლიდერებმა საპარლამენტო მანდატების მოპოვება ვერ შეძლეს.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” წნეხის შესახებ ხმა სხვა პარტიებმაც უნდა ამოიღონ.
მანამდე “ევროპული საქართველო” მოლაპარაკებების ჩაშლაში “მოქალაქეების” კიდევ ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დაადანაშაულა. მისი თქმით, “ევროპული საქართველო” საბოტაჟის მოწყობას ცდილობს.

“ევროპულ საქართველოში” კი ამბობენ, რომ ალეკო ელისაშვილი მათ პარტიაზე თავდასხმით პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.

ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში შევა, თუ ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. აღნიშნული პირობით პარლამენტში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის, მათ შორის, “ევროპული საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის (რომელსაც ყველაზე მეტი ოპოზიციური მანდატი აქვს), ასევე, “ლეიბორისტული პარტიისა” და გირჩისთვის.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, თავიდანვე აცხადებნენ, რომ არ აღიარებდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუ არ დაინიშნებოდა ხელახალი რიგგარეშე არჩევნები. ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები იმართება, რომლის დეტალები საჯარო არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი