ახალი ამბები

ჩემთვის ერთჯერად ვადამდელ არჩევნებზე პრიორიტეტული უბარიერო პროპორციულია — ხვიჩია

9 დეკემბერი, 2020 • 1358
ჩემთვის ერთჯერად ვადამდელ არჩევნებზე პრიორიტეტული უბარიერო პროპორციულია — ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციურ პარტიებს თავიდანვე თავისი პრიორიტეტები ჰქონდათ. ხვიჩიას თქმით, მისთვის ასეთი პრიორიტეტი უბარიერო პროპორციული არჩევნები იყო. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მისი სურვილია, რომ მოლაპარაკებები სწორედ ამ მიმართულებით წავიდეს.

“ჩვენთვის ის საკითხი, რამაც ოპოზიციის ერთობა გამოიწვია, მთელი ეს პროცესები, რომელიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა, ასევე, ფასილიტატორების მეშვეობით მერე შეთანხმება და ზოგადად ისიც, რაც მოხდა არჩევნების შემდეგ. საბოლოო ჯამში, მაინც გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ის საქმე, რომელიც დაიწყო 20 ივნისს, ეს არის პროპორციული უბარიერო არჩევნები. ჩვენ დაგვიტოვეს რამდენიმე მაჟორიტარი, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ჩვენ ახლა გაყალბებასთან ერთად ამ მდგომარეობაში ვყოფილიყავით.

ჩვენი მოთხოვნაა არა მხოლოდ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, არამედ ყველა არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამას ვგულისხმობთ. ეს არ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე ამ წუთის მოცემულობით. ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკებები წავიდეს ამ მიმართულებით და მოლაპარაკებების სივრცეს ვხედავთ ამ მიმართულებით. ამავდროულად, იმას, რაც ჩვენ გვინდა, სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება”, — განაცხადა ხვიჩიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უბარიერო პროპორციული არჩევნები არის თუ არა მისთვის საკმარისი პარლამენტში შესასვლელად, ხვიჩია პასუხობს, რომ მის მოთხოვნას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ამიტომ,  ამის მისაღწევად საჭიროა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაითანხმოს პარლამენტში შესასვლელად.

რაც შეეხება ოპოზიციის საერთო და უმთავრეს მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ხვიჩია ამბობს, რომ მისთვის “ერთჯერად ვადამდელ არჩევნებზე” პრიორიტეტული უბარიერო პროპორციული არჩევნებია, როგორც ადგილობრივი, ისე საპარლამენტო.

“უბარიერო პროპორციული არჩევნების მიღება არა მხოლოდ ჩემ შესასვლელად, არამედ იმისთვის, რომ მე მოვუწოდო ჩემს  მეგობრებს, კოლეგებს ოპოზიციიდან, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობიდან”, “ევროპული საქართველოდან”, ვთხოვო მათ დახმარება იმ საქმეში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით მთელი ოპოზიცია.  ეს არამარტო ჩემი თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ საბჭოთა მმართველობის სისტემა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს საკითხი მარტო ჩემთვის კი არ იქნება მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სხვა კოლეგებიც დავითანხმო, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში.

პირველივე დღიდან იმ მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებობდა გარკვეული სტრატეგია. განა არალეგიტიმური იყო ჩემთვის მოთხოვნა და პატივს არ ვცემ სხვა ჩემი კოლების მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, უბრალოდ, მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არ იყო ჩემთვის პრიორიტეტული. ჩემთვის უფრო პრიორიტეტული იყო არა ერთჯერადი ვადამდელი არჩევნები, არამედ მთელი ამ ქვეყნის მომავალში დალაგებული მმართველობის სისტემა — უბარიერო პროპორციული როგორც ადგილობრივი, ისე საპარლამენტო არჩევნები. ეს ნიშნავს მოწესრიგებას ერთხელ და სამუდამოდ ამ სისტემის და ამისთვის ბევრი რამის გაკეთება ღირს”, — განაცხადა ხვიჩიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი