ახალი ამბები

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება — კალაძე

9 დეკემბერი, 2020 • 800
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება — კალაძე

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 9 დეკემბერს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მერიამ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა და  უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს.

როგორც კალაძე ამბობს, ჯამში, ეს თანხა 225 მლნ ლარს შეადგენს და ამის გათვალისწინებით თბილისის მერია საკრებულოში 1.05 მილიარდი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება 1.05 მილიარდი ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება 1.1 მილიარდზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტის მესამედი —  33 % მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, რაც დაახლოებით 350 მლნ ლარზე მეტია.

“ამ რაოდენობის თანხა არასოდეს გამოყოფილა ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს შეუწყობს და დაეხმარება სწორედ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 21 მლნ ლარით იზრდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამავე რაოდენობის თანხა დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„350 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. თქვენ იცით, რომ პანდემიის გამო შეფერხება მოგვიწია, თუმცა იქვე აღვნიშნავდით, რომ მოგვიანებით დაიწყებოდა ამ პროექტების განხორციელება. უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პროექტები განხორციელდება 2021 წლის ბიუჯეტით. იმედი მაქვს, რომ საკრებულოში საკმაოდ ნაყოფიერი განხილვა გვექნება და საკრებულოს მხარდაჭერა ექნება ამ ბიუჯეტს“, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი