ახალი ამბები

ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს – ელისო ბოლქვაძე

8 დეკემბერი, 2020 • 2154
ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს – ელისო ბოლქვაძე

პიანისტი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ‘ქართულ ოცნებაში” პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო გაწევრიანდა.

ელისო ბოლქვაძე “ოცნების” საპარლამენტო სიის 32-ე ნომერია და 2020 წლის არჩევნების საფუძველზე დეპუტატი გახდა.

დღეს, 8 დეკემბერს ბოლქვაძემ ღია წერილი გამოაქვეყნა “კონსერვატორების” ლიდერის, ზვიად ძიძიგურის მისამართით. ბოლქვაძის თქმით, ის “ოცნების” კოალიციის ყოფილი წევრის, ზვიად ძიძიგურის მიერ ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს. სწორედ აქ ისაუბრა პიანისტმა მისი დამოკიდებულების შესახებ ივანიშვილის მიმართ.

“იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის, რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის. მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა და ხალხის ნდობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება – დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას. თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ, ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს ოცნების შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი. დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე კი,სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა “ქართულ ოცნებაში” და მაქვს პატივი, სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში”, – წერს ბოლქვაძე.

მისივე თქმით, “ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით”.

“და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია – როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა. ცხადია, აქ აღარ ჩამოვთვლი კულტურული მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის გადარჩენის მიმართულებით გაკეთებულ საქმეებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ კარგად იცით. ამიტომ, სიამოვნებით მოვისმენდი კონკრეტულ არგუმენტებს, მკაფიოდ და წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დაგაკმაყოფილათ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას გვაძლევდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა?”, – წერს ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურის მისამართით.

მასალების გადაბეჭდვის წესი