ახალი ამბები

“აბსოლუტური აბსურდია” — ხოშტარია “ევსაქების” დატოვებასა და ჯაფარიძესთან სამომავლო თანამშრომლობაზე

8 დეკემბერი, 2020 • 1213
“აბსოლუტური აბსურდია” — ხოშტარია “ევსაქების” დატოვებასა და ჯაფარიძესთან სამომავლო თანამშრომლობაზე

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტიის დატოვებას და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს და “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან თანამშრომლობას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტებმა დღეს ელენე ხოშტარიასთან სცადეს, რაზეც მან უპასუხა:

“აბსოლუტური აბსურდია”, — განაცხადა ხოშტარიამ.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს თქვა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ ფეისბუკზე დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზების შესახებ საჯაროდ საუბარს:

„არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი