ახალი ამბები

ჯაფარიძე: “გირჩი” კი არ დაიშალა, გაიშალა

7 დეკემბერი, 2020 •
ჯაფარიძე: “გირჩი” კი არ დაიშალა, გაიშალა

“გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “გირჩი” კი არ დაიშალა, არამედ გაიშალა.

“2008 წელს ოპოზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს თქვა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით.ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ  ფეისბუკზე დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზების შესახებ საჯაროდ საუბარს:

„არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში“.

გირჩი იყოფა – ვინ რჩება პარტიაში?

მასალების გადაბეჭდვის წესი