ახალი ამბები

“ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი იმართება

7 დეკემბერი, 2020 • 1158
“ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი იმართება

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში “ქართულ ოცნებასა” და 9 ოპოზიციურ პარტიას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

პირველი ორი რაუნდისგან განსხვავებით, შეხვედრას “ქართული ოცნებიდან”, არჩილ თალაკვაძესთან ერთად,  ამჯერად ირაკლი კობახიძეც ესწრება. შეხვედრაზე შესვლამდე კობახიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მხარესაა.”სტრატეგია აღმაშნებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი თქვა, რომ  კომპრომისზე საუბარი ადრეა, ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება.

მესამე რაუნდს წინ უძღოდა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები. პარასკევს, 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა.

ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას პასუხი წერილობით დაუბრუნა. IPN-ის თანახმად, “ოცნება” მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე აპირებს ოპოზიციასთან მოლპარაკებას.

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი