ნეტგაზეთი | ქუთაისში “მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის საქმეზე ორი პირი დააკავეს ქუთაისში “მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის საქმეზე ორი პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

ქუთაისში “მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის საქმეზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ქუთაისში მდებარე “მისო ინტელექსპრესის” ერთ-ერთი ფილიალის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გ.მ-ს ბრალი ედება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში. ს.ჯ. კი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს:

“პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 შეკვრად დაფასოებული 3 231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები”, – აცხადებენ უწყებაში.

გ.მ-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ს.ჯ-ს მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.