ირანში რამდენიმე დღის წინ მოკლული ბირთვული ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე დაკრძალეს. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. პარალელურად, ირანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეები მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ.
ფახრიზადეს დასაფლავების ცერემონიას, რომელიც თეირანში, თავდაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა, კორონავირუსის გავრცელების გამო, მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი ესწრებოდა. მოგვიანებით, გარდაცვლილი მეცნიერი იმამზადე სალეჰის მეჩეთთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. აღნიშნულ სასაფლაოზე, როგორც წესი, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეებს კრძალავენ.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ისრაელია, რომელმაც “ელექტრონული მოწყობილობების” გამოყენებით მოკლა მეცნიერი.
ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამმაც. მისი თქმით, ფახრიზადე იყო ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის მამა, ხოლო მისი მკვლელობა უპასუხოდ არ ჩაივლის.
“მტრებმა იციან და მე, როგორც ჯარისკაცი, ვეუბნები მათ, რომ არცერთი დანაშაული და ტერორისტული აქტი არ ჩაივლის ირანელი ხალხის პასუხის გარეშე”, – განაცხადა ჰათამმა.
უზენაესი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის განცხადებით, რომელიც დაკრძალვაზე მისმა წარმომადგენელმა წაიკითხა, დაუყონებლივ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამ მკვლელობის უკან დგას.
ირანელი მეცნიერი თეირანის გარეუბანში პარასკევს მოკლეს. თავდაპირველად მისი მკვლელობის ფაქტი არ დაადასტურა ირანის ბირთვული ენერგიის ცენტრმა, თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაცვლილი იყო. ირანში მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ დრომდე არ დასახელებულა ბრალდებულების ვინაობა.