ახალი ამბები

ირანი ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს

28 ნოემბერი, 2020 • 1001
ირანი ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ.

პრეზიდენტ ჰასან რუჰანის თქმით, ირანი არ აპირებს ბირთვული პროგრამის შენელებას, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობა კი ქვეყნის მტრების “სიძულვილსა და სასოწარკვეთაზე” მიანიშნებს.

“კიდევ ერთხელ, გლობალური ამპარტავნების ბოროტი ხელები შეიღება უზურპატორი სიონისტური რეჟიმის სისხლით”, – აღნიშნავს რუჰანი განცხადებაში, სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად.

BBC-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება ბრალდებებს არ გამოხმაურებია.

ირანელი ბირთვული ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე 27 ნოემბერს, თეირანის გარეუბან დამავანდში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. აღნიშნულის შემდეგ, ირანის არაერთი სამხედრო და სასულიერო პირი მოითხოვს შურისძიებას მკვლელობისთვის.

გარდა აკადემიური საქმიანობისა, პროფესორი ფახრიზადე გახლდათ ირანის რევოლუციის გუშაგთა უფროსი ოფიცერი [ნომინალურად]. მანამდე იგი ირანის ფიზიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ისრაელის მიერ 2018 წელს გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, ფახრიზადე ხელმძღვანელობდა ირანის პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ქვეყნის პრეზიდენტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 2 წლის წინ ფიზიკოსზე თქვა: “დაიმახსოვრეთ ეს სახელი”.

მას შემდეგ, რაც ჯერ აშშ-მ, შემდეგ კი ირანმა დატოვეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, თეირანი აქტიურად შეუდგა მუშაობას, შექმნა დაბალი გამდიდრებული ურანის მარაგები და სხვ. მოჰსენ ფახრიზადე ამ პროცესში კვლავ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნეოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი