ახალი ამბები

მეტროს გაჩერებას კავშირი არ აქვს მემანქანეების ინფიცირებასთან | მერია

26 ნოემბერი, 2020 • 1227
მეტროს გაჩერებას კავშირი არ აქვს მემანქანეების ინფიცირებასთან | მერია

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და მას კავშირი არ აქვს მეტროს მემანქანეების ვირუსით ინფიცირებასთან.

“ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა, დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ტექსტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში კვლავ იგეგმება მეტროს მემანქანეების ბელარუსის რესპუბლიკიდან ჩამოყვანა.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება”, – წერია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე კვლავ შეჩერდება ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება, ხოლო 16 იანვრიდან 31 იანვრამდე თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები, შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ.


დღეს გახდა ცნობილი იმ შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ, რომელთა ამოქმედებასაც მთავრობა 28 ნოემბრიდან გეგმავს, რომელთა გაცნობაც შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი