ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩაპა”

27 ნოემბერი, 2020 • 1857
“ჩაპა”

ავტორი: დავით ჯიშკარიანი, თბილისი


სოხუმში, სახლში ერთი წითელი და ყოვლად შეუხედავი ძაღლი გვყავდა, რომელსაც სახელად “ჩაპა” ერქვა.  ის ჩემზე უფროსი ასაკით  და ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო. თუ მას დავახასიათებთ, ვიტყვი, რომ მასზე ტუტუცი და მშიშარა არსება, ალბათ, დედამიწაზე არ არსებობდა. საშინლად ეშინოდა ჭექა ქუხილის. როდესაც გაიელვებდა, მაშინვე გამწარებული გამორბოდა, რომ გრუხუნის ხმამდე თავშესაფარში, ე.ი სახლში შემოსვლა მოესწრო. ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარდა და ამიტომ სპეციალური რაციონით იკვებებოდა. ამას ემატებოდა ცალკე რიტუალი მთელი ოჯახის მონაწილეობით, რაც მის დაბანას გულისმობდა. გაკავება საკმარისი არ იყო, რადგან ფეხებს დაჭიმავდა, ადგილიდან არ ინძრეოდა და მისი რკინის ავზამდე მიყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.   სპეციალურად მისთვის ნაყიდი „იმპორტული“ შამპუნით ნაბანავები “ჩაპა” კი აბაზანის შემდეგ  აუცილებლად გაიქცეოდა და ქვიშაში  ჯერ ერთ მხარეს გადაკოტრიალდებოდა, მერე მეორე მხარეს, ასე გრძელდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში.  ესეც თქვენ, მიდით და ახლა კიდევ დამბანეთო. 

მე ის განსაკუთრებით მიყვარდა და სრულიად მჯეროდა, რომ მასზე ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი და ყოჩაღი ძაღლი დედამიწაზე არათუ არსებობდა, არამედ არასდროს უარსებია. ნებისმიერ საბავშვო ფილმში, სადაც ძაღლი ჩნდებოდა “ჩაპას” ვადარებდი და ვცდილობდი, რომ ამ უკანასკნელის უპირატესობა დამენახა ყველაფერში. რეალობა კი უფრო ტრაგიკული იყო, მას არც ჩემ მიერ გადაგდებული ჯოხი მოუტანია უკან, არც რაიმე განსაკუთრებული ქცევით გამოირჩეოდა და მითუმეტეს, არც სპეციალურად გაწვრთნილი ყოფილა. ჩვეულებრივი სახლის ძაღლი იყო. 

ყველა ოჯახში მითები იწყებს კვლავწარმოებას და ჩემს ოჯახში არსებული ლეგენდით, ჩემი ჩვილობის დროს, როდესაც ჰაერზე მეძინა, ეტლის ქვეშ წითური “ჩაპა” იწვა და ირგვლივ არავის აჭაჭანებდა.  ძაღლს სტუმრების მკაცრად სეგმენტირებული სია გააჩნდა,  ნაწილს ყეფით ხვდებოდა, უღრენდა ან დისკომფორტს უქმნიდა. მეორე ნაწილს ჭიშკართან ხვდებოდა და დიდი პატივით, კუდის ქიცინით მოაცილებდა სახლამდე. სახლში მობრუნებულს აუცილებლად ზედ შემომახტებოდა და ბედნიერი გაწვებოდა მიწაზე მოსაღუტუნებლად. 

ამ იდილიას “ჩაპას” ყველაზე „დიდი მტერი„  მეზობლის ძაღლი „მალჩიკი“ არღვევდა. ეს უკანასკნელი მეძებარი გახლდათ და პატრონს სანადიროდ დაჰყავდა, “ჩაპაზე” ბევრად უმცროსი იყო და ძლიერიც. მათ შორის ღობის გასწვრივ ერთმანეთთან ღრენა და კონკურენცია ერთ დღესაც ხელჩართულ არა, მაგრამ კბილებჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. მე და ჩემი ბიძაშვილი ვტიროდით, ვყვიროდით და სლუკუნით ვამხნევებდით ჩვენს ფალავანს, რომელსაც ამ ბრძოლაში გამარჯვების შანსი არ გააჩნდა.  გვარიანად  დაკბენილი და დაზიანებული “ჩაპა” ბრძოლის ველს გაარიდეს და მასზე ცალკე ზრუნვის პროგრამა შევადგინეთ.  ამის მერე დაიწყო “ჩაპას” სოლიდარობის აქცია და მის მტერთან ანგარიშსწორება. ეს იყო ნამდვილი შურისძიება, ულმობელი და არსებული ყველა რესურსით ჩართვით. ყველა ნივთი, ქვა, ჯოხი, წყლის გასაწუწი ავტომატიც კი ჩავრთეთ ბრძოლაში, რომ  „ჩვენი ჩაპას“ დამჩაგვრელს გავსწორებოდით. ამაში ვაქტიურობდით ორნი, მე და ჩემი ბიძაშვილი. ბრძოლა იყო კონსპირაციული, არავის არ უნდა გაეგო, განსაკუთრებით მეზობლებს.  

ომმა “ჩაპას” ცხოვრებაც შეცვალა.  ჭექა ქუხილის გრუხუნი სამხედრო ჭურვების და იარაღის მძლავრმა ხმამ ჩაანაცვლა. ის ისევ დარბოდა თავშესაფრის საძებნელად და უკვე ადამიანებთან ერთად ემალებოდა მოსალოდნელ უბედურებას. შეიცვალა მისი კვების რაციონიც, რომელიც გაუმჯობესების ნაცვლად აშკარად გაუარესდა. აღარც მისი ბანაობის დრო და ხალისი იყო და აღარც ხალხი, ყველა მიმოიფანტა.  ერთხელ მორიგი „ცეცხლის განუახლებლობის“ ხელშეკრულების ხელმოწერის მერე სოხუმში რომ ჩავედი, “ჩაპა” ეზოს შესასვლელში დამხვდა. არაამქვეყნიური ძალით დარბოდა, მიწაზე ტრიალებდა და მეფერებოდა. იქამდე ურტყა ეზოს წრეები, სანამ ენაგადმოგდებული და ქანცგაწყვეტილი ისევ ჩემს ფეხებთან არ დაწვა.  

სოხუმიდან ჩემი ოჯახის წამოსვლის მერე მისი ცხოვრება უფრო დამძიმდა.  მახსოვს, უკვე თბილისში, დედაჩემმა ნაცნობთან წამიყვანა, რომელსაც სოხუმის ამბები უნდა სცოდნოდა, დედას პირველი შეკითხვა იყო – ჩაპა რას შვრება ? ოჯახშიც  მიმოფანტული წევრები ხშირად მასზე ლაპარაკობდნენ.  

აქ უკვე მეხსიერება მღალატობს. შეიძლება რამდენიმე თვის ან დევნილობის ერთ წლის მერე ჩაპაზე ახალი ამბავი მოვიდა.  ძაღლზე პატრონობა და ზრუნვა იქ დარჩენილმა  მეზობლებმა ითავეს.  საჭმელსაც აწვდიდნენ და სასმელსაც. ის ყოველ დღე მიდიოდა მათთან, ცოტას შეჭამდა და ბრუნდებოდა სახლში. იწვა აივანზე მთელი დღეები, გველოდებოდა და არაფერს აკეთებდა. ბოლოს საკვებსაც აღარ აკარებდა პირს, იწვა იქამდე, სანამ ერთხელ ასე მწოლიარე მკვდარი არ ნახეს.  ის ელოდებოდა მათ, ვინც დღემდე იქ არ მისულა. 

ჯემალ სირბილაძე ფოტო. ეროვნული ფოტომატიანე

გაზეთი დროების კორესპონდენტი XIX საუკუნეში, აფხაზების მუჰიჯარობის აღწერისას აღნიშნავდა, რომ სანაპიროზე დარჩენილი, უაპტრონო ძაღლები საშინელი ხმით ყეფდნენ და პატრონებს უხმობდნენ.  1993 წლის სექტემბერში, როდესაც ქართველი მოსახლეობა მასობრივად და ქაოტურად ტოვებდა მათ საცხოვრებელ ადგილებს, ძაღლები ისევ მისდევენ საკუთარ პატრონებს, რომლებიც გემით ცდილობენ სამშვიდობოს გასვლას.  

მე 1986 წელს დავიბადე, ახლა 34 წლის ვარ.  ამ ამბიდან თითქმის 30 წელი გავიდა.  ჩვენმა ოჯახმა ცხოვრება გააგრძელა სრულიად სხვა სივრცეში.  ჩემზე უფროს თაობას აფხაზეთში ცხოვრების განსხვავებული მეხსიერება აქვს.  მათ ყოველდღიურობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.  სამსახური, რიტუალები (დაკრძალვა თუ ქორწილი), მეზობლობი,  ახსოვთ სკოლაც, უნივერსიტეტი, ერთი სიტყვით, ცხოვრება ახსოვთ აფხაზეთში. ცხოვრებაში კი მტრობაც არის, მეგობრობაც და ლოკომოტივთან “ბირჟაობაც”. ჩვენს თაობას კი ეს მეხსიერება, ბუნებრივია, განსხვავებული აქვს. ის რადიკალურად განსხვავებულია წინა თაობისგან. ჩვენს თაობას ომამდე ყოველდღიურობა, სხვათა მოგონებებით, გვგონია, რომ გვახსოვს და ბუნებრივია, ვერც მის ფერხულში ვერ ვიქნებოდით ჩაბმული. მე ყველაზე ცხადად “ჩაპა” მახსოვს, რომელიც მულტიეთნიკურ გარემოში ცხოვრებად და ყოველდღიურობის ცოდნად, რასაკვირველია, ვერ ჩაითვლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი