ახალი ამბები

“ოპოზიციისა და “ოცნების“ პოზიციები გაცილებით დაახლოვდა” — როგორ ჩაიარა ელჩებთან შეხვედრამ

25 ნოემბერი, 2020 • 1643
“ოპოზიციისა და “ოცნების“ პოზიციები გაცილებით დაახლოვდა” — როგორ ჩაიარა ელჩებთან შეხვედრამ

დღეს, 25 ნოემბერს, აშშ-უს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენელებთან შეხვედრებს ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღევანდელი აუდიენციები “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილთან შეხდვედრით დაიწყო და “მოქალაქეთა” ლიდერებთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან, შეხვედრით დასრულდა. ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე არცერთ ოპოზიციონერს უსაუბრია.

თუმცა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები წინა დღეებთან შედარებით გაცილებით მეტად დაახლოებულია. მისი თქმით, დამაიმედებელი პერსპექტივაა და პროცესი იმდენად კარგად მიდის საერთო შეთანხმებისკენ, რომ დეტალების გამხელით ვერ დააზიანებს.

“აშკარად არის პროგრესი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინა დღეებში, ეს არის დამაიმედებელი. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა პერსპექტივა, როგორი ზამთარი გველის, პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით არის წინსვლა. წითელი ხაზები ისევ არის ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯები”, — განაცხადა ელისაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშემ კი თქვა, რომ ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმას იმსახურება, რომ ხელისუფლებასთან გასამართი მოლაპარაკებების “მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდისთვის”.

“აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს. ჯერ ვართ იქ, სადაც ვიყავით. ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, გაიგებს, რამდენად დიდია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი”, — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მესამე რაუნდისთვის მოსამზადებლად შეაფასა ელჩებთან შეხვედრა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ოპოზიციაში საერთო პოზიციაზე უნდა ჩამოყალიბდნენ, თუმცა “ქართული ოცნების” მხრიდან მესამე რაუნდზე ღია შეთავაზებები უნდა მოისმინონ.

“ჩემი მოლოდინია, 8 მარტის მსგავსი მემორანდუმი უნდა გაფორმდეს, რაც ხელმოწერილი იქნება, რაზე შევთანხმდით, რომ რაღაცნაირად ვითანამშრომლოთ. მძიმე ვითარებაა, ხალხო, მარტივი არაა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გამოსავალი ვნახოთ “სტრატეგია აღმაშენებლის” მხრიდან სრული მზაობაა, მაგრამ ჩვენ ახლა დავადოთ თავი და პარლამენტში შევიდეთ, ამას არცერთ ვარიანტში შეთანხმების დოკუმენტის გარეშე არ განვიხილავ”, — განაცხადა ვაშაძემ.

ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრა მესამე რაუნდისთვის მოსამზადებლად შეაფასა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ახალი და განსაკუთრებული არაფერი თქმულა და ეს წინა შეხვედრის გაგრძელება იყო.

“რა გამოვა, ვერ გეტყვით, არც რაღაცა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც რაღაცა პესიმიზმის დათესვა. ტექნიკურ დეტალებს ვერ მოგიყვებით, არ მაქვს უფლება, რომ გამოვიტანო. ვერ გეტყვით ვერაფერს. არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შესაძლოა, “ქართული ოცნებისგან” რაღაც სიახლე იყოს. როგორც ის ამბობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, თუმცა მზად არიან, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ამ პარლამენტთან ითანამშრომლონ, რათა კანონმდებლობა შეიცვალოს და გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს.

“ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვართ არშესვლის გზით, მაგრამ გარედან, სამუშაო ჯგუფის გზით ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები”, —განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით,  ახალ არჩევნები, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და  ცვლილებები ცესკოს ადმინისტრაციაში  მოლაპარაკებების ის პაკეტია, რომელიც შესაძლოა, რომ პოლიტიკურ შეთანხმებად იქცეს. მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება.

“ისინი ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევას ახორციელებენ. მათთან ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ოპოზიციის პოზიციაა, რომ გვსურს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“ და მზად ვართ, ვიშრომოთ”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი