ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ბევრად ღირსეული პიროვნებები გვყავს” – ოსები სტალინისთვის ძეგლის დადგმაზე

24 ნოემბერი, 2020 • 2238
“ბევრად ღირსეული პიროვნებები გვყავს” – ოსები სტალინისთვის ძეგლის დადგმაზე

ავტორი: ირინა იანოვსკაია


ცხინვალისთვის მეორე სახელის “სტალინირის” მინიჭების შემდეგ, სამხრეთ ოსეთში სტალინისთვის ახალი ძეგლის დადგმასაც გეგმავენ. 

ძეგლს ზნაურის რაიონში, სოფელ წორბისში დადგამენ. სამმეტრიანი სკულპტურის წინ კი სტალინის მოედანიც გაჩნდება.

მონუმენტის მშენებლობაზე ფული,  რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, წარმოშობით წორბისელმა ძამბულატ თედეევმა გამოყო. 

რას ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება სამხრეთ ოსეთში სტალინის ძეგლის დადგმაზე: 


ინა გუჩმაზოვა, ჟურნალისტი

გასაკვირია, რომ ამ დროშიც სტალინის პიროვნების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. განსაკუთრებით, უფროსი თაობა ამაყობს იმით, რომ სტალინი ოსი იყო. ზოგადად ეს დამახასიათებელია ჩვენი ხალხისთვის, ყველგან თანამემამულეებს ეძებენ.

ჩემთვის სტალინი არ არის და არ ყოფილა ოსი. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხალხის მიმართ დანაშაული ჩაიდინა და რეპრესიებში ამყოფა. ამასთან, როდესაც ვამბობ ხალხს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ოსებს, მთლიანად საბჭოთა ხალხს ვგულისხმობ. ჩვენ ბევრად ღირსეული პიროვნებები გვყავს, ვისაც ნამდვილად ეკუთვნით ძეგლი, მათ შორის სტალინი არ უნდა იყოს. 

კობა გაგლოევი, მწერალი 

პირადად ჩემთვის სასიამოვნოა, რომ სოფელ წორბისში სტალინის მოედანი და საბჭოთა ლიდერის, გენერალისიმუსის ძეგლი გვექნება. 

არ მიკვირს, რომ ამას ძამბულატ თედეევი აკეთებს. სხვა 100-ჯერ მაინც დაფიქრდებოდა, რადგან სტალინის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ჩემთვის იოსებ ბესარიონის ძე უნიკალური პოლიტიკური მენეჯერია, რომელმაც ქვეყანა მაღალ დონეზე აიყვანა და ძლიერი გახადა. 


გალინა გუჩმაზოვა, მსახიობი

სტალინისთვის ძეგლის დადგმა, ჩემი აზრით, ესეც გარკვეული პროტესტია. ბევრი ისტორიკოსი წერს, რომ სტალინი მოკრძალებულად ცხოვრობდა და გარემოცვისგანაც იმავეს მოითხოვდა, რაც დღეს იშვიათია ჩინოვნიკებისთვის. სტალინის სკულპტურა ან ძეგლი ძალიან სიმბოლურია. სტალინი შეიძლება გიყვარდეს ან შეიძლება გძულდეს, თუმცა, ის, რომ გამოჩენილი პიროვნება იყო, ფაქტია. მან შეძლო გაერთიანებინა 15 სხვადასხვა რესპუბლიკა მრავალი ეროვნების ადამიანით და უმოკლეს დროში აღედგინა ომის შემდეგი ნანგრევები. დიახ, იყო 37 წელიც, თუმცა შემდეგ იყო 45 წელი. 

ვიყოთ მიუკერძოებლები და დღეს მოდური აზრები უკუვაგდოთ, წავიკითხოთ მისი ნაშრომები, ყურადღებით გავეცნოთ ისტორიას და შევადაროთ დღევანდელობას. გასაგები გახდება, რომ მას სწორი პოლიტიკა ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირე გადაცდომას.ჩემი ტოლერანტობა იმაში გამოიხატება, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი მისი ძეგლის, თუკი ვინმეს ამის გაკეთება სურს. წინააღმდეგი ვიქნებოდი, გორბაჩოვისთვის რომ დაედგათ ძეგლი, ვინც ქვეყანა დაანგრია.


ფატიმა თურმანოვა, ჟურნალისტი

მე წინააღმდეგი ვარ სამხრეთ ოსეთში მას ძეგლი დაუდგან, ვფიქრობ, ჩვენ გამოჩენილი ადამიანები გვყავს, რომელთა წვლილი დიდია სამხრეთ ოსეთის, მისი კულტურის ჩამოყალიბებაში. მათი სახელები დღეს დავიწყებულია და მათ შესახებ უმცროსმა თაობამ არ იცის. სტალინი იმპერიის მასშტაბების პიროვნებაა, მის მიმართ დამოკიდებულება წინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა იდგეს მისი ძეგლი ალანიას სახელმწიფოში, საიდანაც 37 წელს ინტელიგენცია მოკვეთეს.


დიანა ჩიაევა, მასწავლებელი

მე მომხრე ვარ ძეგლის გახსნის, ზუსტად სტალინსაირი ადამიანები აკლია ამ ქვეყანას. მე არასოდეს განვიხილავ სტალინს, როდესაც ადამიანს პირადად არ ვიცნობ, მასზე დასკვნას ვერ გამოვიტან. ერთი კი ზუსტად ვიცი, მისი ეშინოდათ. 

სტალინის ბიუსტი, რომელიც ჩვენს სოფელშიცაა, სოფლის ადმინისტრაციის ეზოში, რომელიც 2018 წელს ბიკარის სკოლის მოსწავლეებთან ერთად შევღებეთ. ბიუსტის გარშემო მუდმივად სისუფთავეა. მამაჩემი ხშირად ჩემს შვილებს ლენინზე და სტალინზე უყვება, ბავშვებისთვის ისინი ლიდერები არიან, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ.


დღესდღეობით, სტალინის ძეგლი დგას ცხინვალში გენერალური პროკურატურის ეზოში და ცხინვალის რაიონში, სოფელ სათიხარში. ასევე, მისი ბიუსტები დგას სოფელ ტბეთში [ჯავის რაიონი] და ბიკარი [ცხინვალის რაიონი]. ცხინვალში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ამ დრომდე სტალინის სახელობისაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი