ახალი ამბები

მოდერნას ერთი ვაქცინის ღირებულება $25-37 იქნება

22 ნოემბერი, 2020 • 1726
მოდერნას ერთი ვაქცინის ღირებულება $25-37 იქნება

კომპანია მოდერნა აცხადებს, რომ მისი ვაქცინა, რომელიც წინასწარი მონაცემებით კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს, 25 დოლარიდან 37 დოლარამდე ეღირება. საუბარია ერთი დოზის ფასზე. ამასთან ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობის ვაქცინას შეიძენს ესა თუ ის ქვეყანა.

როიტერი ციტირებს კომპანიის წარმომადგენლის, სტეფან ბანსელის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ შედარებისთვის გრიპის ვაქცინის ღირებულება 10-დან 50 დოლარამდე მერყეობს.

ბიოტექნოლოგიებზე მომუშავე ამერიკული კომპანია “მოდერნა” აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტალური ვაქცინა დაავადების პრევენციას 95%-ით უზრუნველყოფს.

როგორც “ვაშინგტონ პოსტი” წერს, “მოდერნას” ვაქცინის ტექსირებაში, რომელიც ენტონი ფაუჩის ინსტიტუტის ჩართულობით შეიქმნა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ნახევარი ვაქცინას იღებს, ნახევარი კი -პლაცებოს. გამოცემა წერს, რომ კვლევაში მონაწილე პირების ინფიცირების 95 შემთხვევიდან 90 იმ მონაწილეებში დაფიქსირდა, რომლებიც კვლევის ფარგლებში პლაცებოს იღებდნენ, რაც ძლიერი მინიშნებაა ვაქცინის ეფექტიანობაზე.

ამ ეტაპზე მონაცემები გადამოწმებული არ არის და მისი ეფექტინობის მაჩვენებელი კვლევის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა, ენტონი ფაუჩის გაცნხადებით, არსებული რიცხვები იმედის მომცემია, განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგები კი პრეპარტმა დაავადების მძიმე შემთხვევების პრევენციის მიმართულებით აჩვენა.

“ვაშინგტონ პოსტის” განცხადებით, უფრო ზუსტი მონაცემები კომპანიას ნოემბრის ბოლოს ექნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა მაღალი რისკის შემცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი დეკემბრის მეორე ნახევარში იქნება.

განსხვავებით “ფაიზერისგან”, რომელიც ასევე აცხადებს, რომ 90%-ზე მაღალი ეფექტიანობის ვაქცინა შექმნა და ამისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, “მოდერნა” აშშ-ის მთავრობის ინიციატივის მონაწილეა, რომელმაც სახელმწიფოსგან ვაქცინის შესაქმნელად 2.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. “მოდერნა” აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 20 მილიონი დოზის წარმოება შეუძლია, რაც ორჯერადი ვაქცინაციის პირობებში, 10 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია მომავალ წელს 500 მილიონი დოზა ვაქცინის წაროებას გეგმავს, საჭირო კომპონენტების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში კი, წამროების ერთ მილიარდამდე გაზრდას.

რაც შეეხება ვაქცინის გვერდით ეფექტებს, არსებული მონაცემებით, ისინი სუსტი ან საშუალოა და შესაძლოა გამოიწვიოს მცირე ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილას, თავის და კუნთების ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის დამტკიცება მალევე მოხდება და როგორც “მოდერნას”, ასევე “ფაიზერის” მიერ შექმნილი პრეპარატის რისკჯგუფებისთვის მიწოდება, მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. ასეთ ჯგუფებად კი ენტონი ფაუჩი სამედიცინო მუშაკებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ასახელებს, რომლებსაც მეტი რისკი აქვთ დაავადების მძიმედ განვითარების. შემდეგ ოთხ თვეში კი, ექსპერტების პროგნოზით, ვაქცინას მოსახლეობის დანარჩენი ნაწილიც მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი