ახალი ამბები

“ვაპროტესტებთ სახელმწიფოს მიტაცებას” – აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

21 ნოემბერი, 2020 •
“ვაპროტესტებთ სახელმწიფოს მიტაცებას” – აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ პარტია “ლელოს” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნებას” არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარემ სახელმწიფო მიიტაცა.

“ჩვენ ვაპროტესტებთ სახელმწიფოს მიტაცებას და არჩევნების წართმევას. დღეს არჩევნების მეორე ტურია და როგორც ყველა დიქტატორმა წაართვა სხვა ქვეყნებში სხვა ხალხებს სახელმწიფოს ქონის უფლება, ისე წაართვა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ერს სახელმწიფოს ქონის უფლება”, – უთხრა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა “რუსთავი2”-ს.

აქციაზე იმყოფებოდა “ლელოს” წარმომადგენელი საბა ბუაძეც. მისი თქმით, პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი აქციაზე ინდივიდუალურად, საკუთარი გადაწყვეტილებით მივიდა.

მეორე ტურის წინა დღეს, ოპოზიციამ უარი თქვა 21 ნოემბერს ერთობლივი აქციების გამართვაზე. პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ არ სურთ, პროცესს რაიმე დამატებითი მნიშვნელობა შესძინონ, რის გამოც მის იგნორირებას არჩევენ.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს, რომელიმე პარტიის მიერ აქციის ინდივიდუალურად ორგანიზებას.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

გარეკნის ფოტო: სქრინი “რუსთავი2”-ის ჩართვიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი