ახალი ამბები

ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს — ვაშაძე

20 ნოემბერი, 2020 • 852
ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს — ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ვერც  ერთი ფასილიტატორი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს პოლიტიკოსების ნაცვლად. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შევხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც დღეს დილიდან ოპოზიციის ლიდერები ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

მისი თქმით, ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

“ქართული ოცნებისგან” ველოდები კომპრომისულ წინადადებას, იმიტომ, რომ 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ- ეკონომიკური, გნებავთ- პოლიტიკური, სოციალური, საგარეო-პოლიტიკური კუთხით. ამიტომ, ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც საქართველოს მოქალაქეს დააკმაყოფილებს, მით უკეთესი. დამიჯერეთ, ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”, — განაცხადა ვაშაძემ.

გუშინ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი