ახალი ამბები

კალაძის მტკიცებით, ოპოზიცია, ბოიკოტის მიუხედავად, ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს

20 ნოემბერი, 2020 • 743
კალაძის მტკიცებით, ოპოზიცია, ბოიკოტის მიუხედავად, ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია, მეორე ტურის საჯარო ბოიკოტის მიუხედავად, მაინც ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას 21 ნოემბრისთვის. ამ საკითხს მან სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილნი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან.

გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის”, – ამბობს ის.

კალაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურშიც იაქტიურონ:

” აქედან გამომდინარე, გვინდა, მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევ იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით “.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვენ. ამასთან, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება.

თავდაპირველად, ოპოზიცია ამ დღეს აქციებსა და ცოცხალ ჯაჭვს აანონსებდა, თუმცა დღეს, 20 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ღონისძიებები აღარ გაიმართება. პარტიების ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ სურთ, პროცესს რაიმე დამატებითი მნიშვნელობა შესძინონ, რის გამოც მის იგნორირებას არჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი