ახალი ამბებიეკონომიკა

10 თვეში ექსპორტი 11%-ით, იმპორტი კი 16.6%-ით შემცირდა

19 ნოემბერი, 2020 • 2045
10 თვეში ექსპორტი 11%-ით, იმპორტი კი 16.6%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის ათ თვეში ექსპორტი 11.1%-ით შემცირდა და დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მსგავსად, იანვარ-ოქტომბერში იმპორტიც 16.6%-ით შემცირდა და, ჯამში, 6.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო. საქართველოს ექსპორტი მიმდინარე წელს ყველაზე მეტად მაისში შემცირდა 31%-ით. შედეგად, თვიური ექსპორტის რაოდენობა დაახლოებით 234 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტის 21.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა, 44.5% კი, დსთ-ის ქვეყნებზე.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  1. ჩინეთი (418.9 მლნ. აშშ დოლარი);
  2. აზერბაიჯანი (364.6 მლნ. აშშ დოლარი);
  3.  რუსეთი (351.2 მლნ. აშშ დოლარი).

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანში ექსპორტი 10.5%-ით, ხოლო რუსეთში 14.2%-ით არის შემცირებული.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 618.6 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 335.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 198.3 მლნ. აშშ დოლარით (7.3%).  მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან თითქმის 40%-ით არის შემცირებული. სასაქონლო ჯგუფებიდან მიმდინარე წლის 10 თვეში ყველაზე მეტად, 49%-ით თხილის ექსპორტი გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი