ახალი ამბები

თურქეთში გააუქმეს კინოფესტივალი, რომელმაც გენდერულად ნეიტრალური ნომინაცია დააწესა

18 ნოემბერი, 2020 • 1331
თურქეთში გააუქმეს კინოფესტივალი, რომელმაც გენდერულად ნეიტრალური ნომინაცია დააწესა

თურქეთის ქალაქ მალათიის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელობამ როლის საუკეთესო შესრულების ნომინაციაში “გენდერულად ნეიტრალური” ჯილდო დააწესა. მალევე ქალაქის ადმინისტრაციამ ღონისძიება გააუქმა.

გამოცემა Bianet-ის თანახმად, მუნიციპალიტეტმა “მწუხარება” გამოთქვა იმის გამო, რომ “ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გამოიყენა გარკვეული გამონათქვამები, რომლებიც შეურაცხყოფენ სოციალურ ღირებულებებს ამ პროცესში”.

გამოცემის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მთავარი პრეტენზია სწორედ ტერმინ “გენდერულად ნეიტრალურის” გამოყენებას ეხებოდა კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, აუქმებს ღონისძიებას, რათა თავიდან აიცილოს “ნეგატიური დისკუსიები” საკითხის გარშემო სოციალურ მედიაში და “ახალი სპეკულაციები”. კიდევ ერთ მიზეზად მან კორონავირუსი დაასახელა.

ღონისძიების გაუქმებამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში მუნიციპალიტეტმა აღნიშნა, რომ “დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ” იმის დასადგენად, თუ რას გულისხმობდა კონკრეტული ტერმინი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქალაქის მთავრობის თქმით, ფესტივალის პრესრელიზი წარმოადგენს “სამწუხარო განაცხადს”, კონკრეტული ტერმინოლოგია კი “არასწორ აღქმებს იწვევს”.

მალათიის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელსაც სწორედ მუნიციპალიტეტის მიერ არის ორგანიზებული, წელს მეათედ უნდა გამართულიყო. ამჯერად ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დაეწესებინათ არა საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობების, არამედ ერთი, გენდერულად ნეიტრალური ჯილდო.

ქალისა და კაცის ნომინაციები, თავდაპირველად, ბერლინის კინოფესტივალმა მიმდინარე წლის აგვისტოში გააუქმა. ორგანიზატორების თქმით, მათ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება კინოინდუსტრიას,  გენდერულად უფრო მეტად სენსიტიური გახდეს.

მალათიის კინოფესტივალის პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ისინი მხარს უჭერენ ბერლინის კინოფესტივალის ინიციატივას და სურთ, ამ ცვლილების მასშტაბები უფრო მეტად გაფართოვდეს.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, ფესტივალი წელს ერთჯერადად გაუქმდა და მომდევნო წლებში ისევ გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი