ახალი ამბები

აშშ $5 მილიონს გამოყოფს ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულთა დასახმარებლად – პომპეო

17 ნოემბერი, 2020 • 1341
აშშ $5 მილიონს გამოყოფს ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულთა დასახმარებლად – პომპეო

აშშ მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და კონფლიქტით დაზარალებულთათვის დამატებით თანხას გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

პომპეოს თქმით, აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. განცხადებაში ასევე გახმიანებულია მოწოდება მხარეებისადმი, დაუბრუნდნენ მინსკის ჯგუფის ფორმატს და განაგრძონ მუშაობა კონფლიქტის მშვიდობიანად აღმოსაფხვრელად.

“ბოლოდროინდელი ბრძოლის დასასრული მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე გადაჭრისთვის.

მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში.

შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში”,  – წერს ის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების სახით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად $5 მილიონს გამოყოფს.

“ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს.

ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


რუსული მხარის ინფორმაციით, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს, ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მოქმედებების დროს, მთლიანობაში, 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 8 ათასამდე დაშავდა.

10 ნოემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მთიან ყარაბაღში უნდა შეიქმნას სამშვიდობო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს თურქ და რუს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლს.

ამავე შეთანხმების მიხედვით, სომხურმა მხარემ უნდა დათმოს ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები, ასევე უზრუნველყოს ნახიჩევანის კორიდორის მშენებლობის შესაძლებლობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სომხეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი