ნეტგაზეთი | გამოდის, რომ ბარამიძე სუს-ის ნარატივშია — უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე გამოდის, რომ ბარამიძე სუს-ის ნარატივშია — უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე – Netgazeti
RU | GE  

გამოდის, რომ ბარამიძე სუს-ის ნარატივშია — უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე “სუს-ის ნარატივშია”. ასე გამოეხმაურა უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან სუს-ის ნარატივი უწოდა ფრაზას “არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა”.

გიორგი ბარამიძის თქმით, ისე არ გამოვა, რომ ოპოზიციის ლიდერებს მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი უნდოდეთ, თავად მიხეილ სააკშვილი კი არა.

უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილმაც და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმაც  დანარჩენ ოპოზიციასთან საერთო უნდა გამონახონ და ნებისმიერი საკითხი, რამაც შეიძლება მთავარი თემისგან ფოკუსი სხვა თემაზე გადაიტანოს, გვერდზე უნდა გადადონ.

“საკითხები, რომლებიც იწვევს კითხვის ნიშნებს, ჩვენ დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე. თავად სააკაშვილმაც განაცხადა, რომ მას ამის სურვილი არ აქვს და რა ვიცი, ბარამიძე რელიგიური პილიგრიმივით იქცევა და არასერიოზულია მისი ქმედება, მით უმეტეს, გამოდის, რომ სუს-ის ნარატივშია”, — განაცხადა უგულავამ “პალიტრანიუსის”ეთერში.

გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს Facebook Live-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისწერა, რომ “არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა”, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.

“ეს არის ის, რომ თითი არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვაო… მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი… “თქვენ თუ გადაგვარჩენთ, თორემ არაფერი გამოვა” არის სუს-ის და ივანიშვილის მესიჯები. კი არ გეკამათებით, ჩემი აზრი მინდა იცოდეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვიილის თქმით, ძალიან მადლობელია ყველა ადამიანის, ვისაც დემონსტრაციებზე მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ ახლა ქვეყნის საკითხი წყდება და არა — სააკაშვილის


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი ბოლო პერიოდში ოპოზიციის კამათის მიზეზად იქცა.

13 ნოემბერს Facebook Live-ში მიხეილ სააკაშვილმა თქვა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”. 14 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ზოგიერთი მონაწილე გამოჩნდა პლაკატებით: “ვითხოვთ მიშას”

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს.

„ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ჰოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა.

“ალეკო, აი, ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?”, – დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხზე კამათი “ტვ პირველის” ეთერში გაგრძელდა, სადაც გიორგი ბარამიძეს ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი