ახალი ამბები

მარტოხელა მამებს, რომლებსაც შვილი სუროგაციით ეყოლათ, რუსეთში პატიმრობა ემუქრებათ

13 ნოემბერი, 2020 •
მარტოხელა მამებს, რომლებსაც შვილი სუროგაციით ეყოლათ, რუსეთში პატიმრობა ემუქრებათ

რუსეთში მარტოხელა მამების დაკავებას გეგმავენ, რომლებსაც შვილები სუროგაციის გზით შეეძინათ. როგორც “გარდიანი” წერს, აღნიშნული რეგულაცია ლგბტქ პირების წინააღმდეგაა მიმართული, რის გამოც გეი კაცების ნაწილი ქვეყანას ტოვებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში სუროგაცია ლეგალურია, თუმცა ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი კონსერვატორი კანონმდებლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიისგან. “გარდიანის” თქმით, მიმდინარე წელს პოლიციამ რამდენიმე ექიმი დააკავა, რომლებსაც ბრალი ბავშვთა ტრეფიკინგის მუხლით წაუყენეს.

სამთავრობო მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიება გაფართოვდება სუროგაციის თემაზე და დააკავებენ იმ მარტოხელა მამებს, რომლებსაც “არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია” აქვთ და ბავშვი სუროგატი დედისგან ეყოლათ.

ოფიციალური უწყებები, გამოცემის თქმით, ირწმუნებიან, რომ გეი კაცებისთვის ამ გზით შვილის ყოლა ლეგალური არასოდეს ყოფილა.

ერთ-ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ რეგულაციას ქვეყნიდან გაექცა, 40 წლის კაცია. მისი თქმით, 6 თვის შვილის წართმევის საშიშროების ქვეშ იყო და რუსეთი ამიტომ დატოვა. “გარდიანთან” კაცი ამბობს, რომ პროკურატურა პირდაპირ არ დაკავშირებია, თუმცა კლინიკიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ საგამოძიებო უწყებები მისი შვილის სამედიცინო დოკუმენტებს სწავლობდნენ და შესაძლოა პრობლემები შექმნოდა. კაცი აცხადებს, რომ რუსეთში დაბრუნება სურს, მაგრამ ამას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს.

როგორც “გარდიანი” წერს, ბოლო წლის განმავლობაში რუსეთში  არაერთი ანტილგბტ კანონი მიიღეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია ქვიარ უფლებებს საგარეო საფრთხედ წარმოაჩენს, რომელიც დასავლეთიდან მოემართება, ვლადიმერ პუტინი კი “ტრადიციული ღირებულებების” დამცველადაა წარმოდგენილი.

გამოცემა წერს, რომ ზუსტი რიცხვი რუსეთში სუროგაციით დაბადებული ბავშვებისა ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად ამ გზით ქვეყანაში 3 500 ბავშვი იბადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი