ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაკავებული გაგიკ წარუკიანი სასამართლომ გაათავისუფლა

13 ნოემბერი, 2020 • 1265
დაკავებული გაგიკ წარუკიანი სასამართლომ გაათავისუფლა

პარლამენტარი გაგიკ წარუკიანი, რომელიც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ დააკავა, სასამართლომ გაათავისუფლა და მისი დაკავება უკანონოდ მიიჩნია.

ინფორმაციას წარუკიანის ადვოკატი ერემ სარქისიანი ავრცელებს ფეისბუკზე. მისი პოსტის თანახმად, გადაწყვეტილება 13 ნოემბერს, 01:30 საათისთვის მიიღო მოსამართლე მანველ შაჰვერდიანმა.

ადვოკატი დავობდა, რომ წარუკიანს დაკავებისგან იცავდა პარლამენტარის იმუნიტეტი და მისი დაკავების უფლება უშიშროებას არ ჰქონდა პარლამენტის მწვანე შუქის გარეშე.

წარუკიანის გათავისუფლებას მხარდამჭერები აპლოდისმენტებით შეხვდნენ:

გაგიკ წარუკიანი მილიონერი ბიზნესმენია, ამავე დროს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული ფაშინიანის მმართველობის პერიოდში. ეს პარტია ერევანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების თანაორგანიზატორია. აქციებზე, — რომელიც ყარაბაღის ომის დასრულებას მოჰყვა სომხეთისთვის არასასურველი შედეგებით, — ფაშინიანის გადადგომასა და „ეროვნული აღორძინების საბჭოს“ შექმნას მოითხოვენ.

წარუკიანის პარტიის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ „პოლიტიკური რეპრესიების გზა აირჩია“. წარუკიანთან ერთად 10-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი დააკავეს. ამ პროცესებს წინ უძღოდა ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის განცხადება, რომ „სახელმწიფო გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება“.

ამ ცნობების გავრცელებას კი წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკ-ლაივი, სადაც საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე პოლიტიკურ ოპონენტებს „მძარცველები“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება თავის დროზე მათ ისე არ მოექცა, როგორც იმსხურებდნენ.

„დიახ, ჩვენ ისე არ მოვექეცით ამ კორუმპირებულ, ყაჩაღ ოლიგარქებს, როგორც იმსახურებდნენ. სათანადოდ არ მოვექეცით მათ, ვინც ჩვენს ქვეყანს აოხრებდა, ვინც ჯარისკაცებს ლუკმაპურსა და იარაღს ჰპარავდა, ვინც მოქალაქეთა ღირსებას ლახავდა. ვწუხვარ ამის გამო“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა წინა მმართველ პარტიას, „რესპუბლიკურ პარტიას“ და მილიონერ გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ „მძარცველები“ უწოდა. წარუკიანის წინააღმდეგ ბოლო წლებში არაერთხელ აღიძრა საქმე — უკანონო სათამაშო ბიზნესის, მიწის ნაკვეთების მისაკუთრებისა და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებით — და ის არაერთხელ დააკავეს, თუმცა დაკავება ყოველ ჯერზე დროებითი აღმოჩნდა.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი