“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ დასავლელი ელჩების შუამავლობით იგეგმებოდა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ ეს დიალოგი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი და “ქართული ოცნებაც” აცხადებენ, რომ არ იციან, რომელ ჩაშლილ დიალოგზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე. მათი თქმით, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა ასევე “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრეს.
“ყოველთვის მივესალმებით მოლაპარაკებას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების და ცესკოს ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით… დიალოგი აუცილებლად შედგება, ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ დიალოგს, ბუნებრივია, მივესალმებით. ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც ხელისუფლებამ ასევე, ოპოზიციამ.
მე ამის შესახებ [დიალოგის ჩაშლის] საქმის კურსში არ ვარ. ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი რამ იყო დაგეგმილი და ოპოზიციურმა პარტიებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ძალიან ცუდი ფაქტია”, – თქვა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
დიალოგის გამართვისა და შემდეგ ჩაშლის შესახე არაფერი გაუგია “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას.
“საუბარი ჩაშლილი დიალოგის შესახებ გადაჭარბებულია. ასეთი ამბავი რომ ყოფილიყო, გავიგებდი. მე რომ მქონოდა ინფორმაცია, დიალოგი ვინ ჩაშალა, ამას მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყოდი. ვერაფერი ვერ გავიგე, რაღაცები ფიზიკურად არ მესმის. თუ ვიღაცამ ჩაშალა, ხომ საინტერესოა, ვინ არის ჩამშლელი?”, – აღნიშნა იაგო ხვიშიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.
იგივეს ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც:
“არ ვიცი, რაზეა საუბარი, მე ვარ დიალოგის მოლოდინში. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა დიალოგზე. ალბათ, გვექნება კომუნიკაციის საშუალება, რომ გავიგოთ, რაზეა საუბარი. მაქვს ინფორმაცია და ველოდები დიალოგს, არ არის ჩაშლილი, მაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი შედგება.”
დიალოგის ჩაშლის შესახებ არაფერი სმენია “ქართული ოცნების” წევრ შალვა პაპუაშვილსაც. მისი თქმით, ჯერ შანსები დაკარგული არ არის,.
“მე ვერ მივხვდი, ჩაშლაში რას გულისხმობდა. მე ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი ჩაშლილი არ არის და არ არის დაკარგული შანსი, რომ ეს დიალოგი შედგეს. ჩვენც ვართ კონსულტაციაში ჩვენს პარტნიორებთან და, დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი შედგება”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე