ახალი ამბები

იმ პროცენტების აღდგენა უნდა მოხდეს, რაც “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მიიღო – სააკაშვილი

11 ნოემბერი, 2020 • 1140
იმ პროცენტების აღდგენა უნდა მოხდეს, რაც “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მიიღო – სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წინაპირობებს ასახელებს. სააკაშვილის თქმით, მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ბიძინა ივანიშვილი. ამავე დროს, “ქართულ ოცნებას” უნდა ჰქონდეს ის შედეგი, რა შედეგიც რეალურად საპარლამენტო არჩევნებში მიიღო. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ თუ “ქართული ოცნება” ოპოზიციას წყნარად გადასცემს ხელისუფლებას, შესაძლოა, გარკვეული საკითხები “ნაპატიები” იყოს.

“ამ კაცმა, ივანიშვილმა თითოეული თქვენგანი და მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც გაძარცვა, დაამცირა და მიწასთან გაასწორა. ამ სიტუაციაში არსებობს მხოლოდ ერთი რამე, სამართლიანობის აღდგენა. მოლაპარაკებები საჭიროა,[მოლაპარაკების მაგიდასთან] უნდა დაჯდეს ივანიშვილი და არა ვინმე “ჭ’ კლასის ტიპი, რათა მოხდეს მშვიდობიანი გადასვლა ხელსუფლების. მოხდეს აღდგენა იმ პროცენტების, რომელიც რეალურად მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. ამის სანაცვლოდ შეიძლება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პირობებზე, შემსუბუქებებზე მოილაპარაკოს მთელმა საზოგადოებამ. თუ წყნარად გადმოგვცემენ [ხელისუფლებას], შეიძლება რაღაც ნაპატიები იქნას და პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. მაგრამ ეს რომ შერჩეს ხახვივით [არჩევნების გაყალბება], მაშინ ჩვენ ერი და ხალხი არ ვართ”,-აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში ყველას სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა და ივანიშვილმა ხმების 15-20%-მდე მოიპარა. მათი ნაწილი თავად მიიმატა, ნაწილი კი ოპოზიციურ პარტიებს მოაკლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი