ახალი ამბები

“გლოვო” განმარტავს, რატომ არ მოემსახურა ანტისახელისუფლებო აქციაზე შეკრებილებს

10 ნოემბერი, 2020 • 2239
“გლოვო” განმარტავს, რატომ არ მოემსახურა ანტისახელისუფლებო აქციაზე შეკრებილებს

მიტანის სერვისის კომპანია “გლოვო” განმარტავს, რატომ არ მოემსახურნენ 9 ნოემბერს პარლამენტის წინ ანტისახელისუფლებო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასა და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 10ნ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კომაპნია სერვისის მიწოდებაზე უარის თქმას ასე ასაბუთებს:

  • პარტნიორი კურიერების უკუკავშირზე დაყრდნობით მათ არაერთი სირთულე შეექმნათ აქციის ტერიტორიაზე 9 ნოემბერს;
  • გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით მანქანიანი კურიერებისთვის, რომელთა რიცხვიც, დიდი მოცულობის შეკვეთებიდან და ცივი ამინდიდან გამომდინარე, ამ პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია.
  • კურიერების უსაფრთხოება 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე;

“Glovo სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც პანდემიის, მიმდინარე მოვლენების და გადაადგილების შეზღუდვის გამო ჩვენი სერვისი ყველაზე მეტად სჭირდებათ და კომედანტის საათის (22:00-05:00) განმავლობაში ყველა ქალაქში აფთიაქის და სუპერმარკეტის კატეგორიიდან უფასო მიტანის სერვისით მოვემსახურებით ყველას.

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი ფორსმაჟორული სიტუაციის გამოცდილება დაგვეხმარება მომავალში ანალოგიური სირთულეების უკეთესად მართვაში და ვეცდებით, ჩვენი სერვისი ყველასთვის და ყველგან იყოს ხელმისაწვდომი”, – წერია “გლოვოს” განცხადებაში.

გუშინ, 9 ნოემბრიდან ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათიდან 05:00 საათმდე, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. მთავრობა ამ შეზღუდვას გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის, რის გამოც “მობილობის შემცირება” გახდა საჭირო. შეზღუდვა არ ვრცელდება მიტანის სერვისზე.

გუშინ მოქალაქეების ნაწილმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან გააპროტესტა. აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილი წერდა, რომ “გლოვოს” სერვისით ვერ სარგებლობდნენ, რადგან აპლიკაციაში აღნიშნული ტერიტორია დროებით გათიშული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი