ახალი ამბები

მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები დიალოგის ინიციატივით გამოდიან – ქნირში

10 ნოემბერი, 2020 • 1146
მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები დიალოგის ინიციატივით გამოდიან – ქნირში

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს ხელს შეუწყობენ.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან.

“პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს”, — აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მოლაპარაკებების მთავარ წინაპირობად არჩევნების შედეგების პატივისცემას ასახელებს.
ოპოზიცია კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვს და ამ მოთხოვნებით აქციებს მართავს. მოლაპარაკებებსაც ხელსუფლებასთან სწორედ ამ საკითხებზე გეგმავს.

დღეს, 10 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს. ვაშაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა პარტიის წევრების მხრიდან. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ იყო შეთანხმებული პოზიცია. როგორც ცნობილია, ენმ პარლამენტის ბოიკოტს უჭერს მხარს, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.  მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკებების წინაპირობები დაასახელა, რაც გულისხმობს პროსტესტის გაგრძელებას, ასევე, მოლაპარაკებების დაწყებასა და მხოლოდ წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების შემდგომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი