ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძეს კი არა, ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია — ხვიჩია

10 ნოემბერი, 2020 • 1050
გრიგოლ ვაშაძეს კი არა,  ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია — ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადებაში ბევრი იდეა იყო “ნასროლი”, რაც ოპოზიციაში “ჭოჭმანად ჩაითვალა”.

საუბარია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ყველას ეთანხმება, ვინც ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები უალტერნატივოა.

“განცხადება არ იყო თავიდან ბოლომდე შეკრული, ბევრი იდეა იყო ნასროლი, რომელიც ჩაითვალა ჭოჭმანად ოპოზიციაში. გრიგოლ ვაშაძემ კი არა, ვინც გინდა იმან თქვას, ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას არ გააჩნია ალტერნატივა. სხვა შემთხვევაში ჩხუბობ, ჩხუბი არ მინდა, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ. შეიძლება მოლაპარაკების პროცესს უფრო უხდება ქუჩის აქციები, შეიძლება ხელს უშლის, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა მოლაპარაკებების მიზნებისთვის. ყველაფერი ეს – ქუჩის აქციები იქნება თუ რაც იქნება – ემსახურება იმას, რომ მოვილაპარაკოთ”, — განაცხადა ხვიჩიამ “რუსთავი 2-თან”.

დღეს, 10 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მისი თქმით, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

ვაშაძის ამავე განცხადებაში საუბარია, რომ მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს.

ვაშაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა პარტიის წევრების მხრიდან. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ იყო შეთანხმებული პოზიცია. როგორც ცნობილია, ენმ პარლამენტის ბოიკოტს უჭერს მხარს. მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკებების ჩართვის წინაპირობები დაასახელა, რაც გულისხმობს პროსტესტის გაგრძელებას, ასევე, მოლაპარაკებების დაწყებასა და მხოლოდ წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების შემდგომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი