ახალი ამბები

მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვისთვის, არაკონსტიტუციური იქნება — ლომჯარია

10 ნოემბერი, 2020 • 819
მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვისთვის, არაკონსტიტუციური იქნება — ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის დადგენილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 9 ნოემბრიდან ქვეყნის 7 დიდ ქალაქში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. პარალელურად, 9 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ადამიანები ამ შეზღუდვას და საარჩევნო დარღვევებს აპროტესტებენ.

როგორც ომბუდსმენი განმარტავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, არაკონსტიტუციური იქნება მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან”, — აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

რუსთაველის გამზირზე აქცია 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი