ახალი ამბები

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

9 ნოემბერი, 2020 • 1210
აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ქრთამის მიცემას, მუქარასა და იძულებას ედავება გარდაცვლილი გობეჯიშვილის მიმართ, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა.

“საქმის მასალების თანახმად, 6 ნოემბერს თბილისში ბრალდებულები პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეხვდენენ ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესთავაზეს თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების თითქოსდა გაყალბების თაობაზე მასმედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება. არჩევნების გაყალბების და თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთების შემთხვევაში, ბრალდებულები გობეჯიშვილს მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ, ხოლო უარის შემთხვევაში დაემუქრნენ დაპატიმრებით და ასევე მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით, რითაც აიძულებდნენ შეთავაზებაზე დათანხმებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა.

“სამივე მეგობრები იყვნენ, მთავარი რაც არის აქ. არცერთი არ იყო ისეთი, რომ ან მეორე შეეშინებინა, ან დამუქრებოდა. სხვათა შორის, პოლიციაშიც გაუკვირდათ, რომ გაიგეს, რომ მეგობრები იყვნენ”, – უთხრა ადვოკატმა დავით ჩომახიძემ “ნეტგაზეთს”.

ჩომახიძისვე განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კობალაძემ გობეჯიშვილი ბოლოს 6 ნოემბერს ნახა. ადვოკატის ინფორმაციით, ისნის საოლქოს თავმჯდომარე კობალაძეს სახლში ესტუმრა.

“[6 ნოემბერს] კობალაძის სახლში მივიდა თედო, საღამოს. ისაუბრეს. მერე მოხდა ისე, რომ დაცილდნენ ერთმანეთს, თედო წავიდა თავის სახლში. დაურეკა კაკოს, სახლში ვარ უკვეო და ეს ჩანაწერიც არსებობს, რომ სახლიდან დაურეკა. დანარჩენი, არაფერი მტკიცებულება იმისი, რომ ქრთამს სთავაზობდა, ან აშინებდა, ან რამე, არ არის”, – აცხადებს ის.

მისივე ცნობით, ორივე ბრალდებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს აკაკი ხუსკივაძის მანქანაც, რომლითაც ის გამოკითხვაზე მივიდა. ორივე დაკავებული სხვადასხვა წლებში “ცესკოში” სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა, თუმცა 2020 წლის არჩევნებისათვის უწყებაში აღარცერთი მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი