ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის მისი ვერტმფრენის ჩამოგდების გამო

9 ნოემბერი, 2020 • 1702
აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის მისი ვერტმფრენის ჩამოგდების გამო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის “შეცდომით” ჩამოგდების გამო, აზერბაიჯანი რუსეთს ბოდიშს უხდის. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყდნობით.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების კონტექსტისა და ამავე დროს, საღამოს საათებში, გართულებული ხილვადობის გათვალისწინებით, ვერტმფრენის წარმომავლობის გარჩევა ვერ შეძლეს და ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

“აღნიშნულ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც არ ყოფილა რუსული მხარის წინააღმდეგ გამიზნული, აზერბაიჯანული მხარე რუსულ მხარეს ბოდიშს უხდის და მწუხარებას გამოთქვამს ეკიპაჟის დაღუპულ წევრთა ოჯახების მიმართ”.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მზადაა შესაბამისი კომპენსაცია გადაიხადოს.

სომხეთში რუსული სამხედრო ვერტმფრენი დღეს, მოსკოვის დროით 17:30 საათზე ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

რუსული მხარის ცნობით, ინციდენტი სომხეთ- აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონას აცილებდა. ვერტმფრენმა კონტროლი სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი