ახალი ამბებისაზოგადოება

“თვალში ქიმიური დამწვრობა მაქვს” – აქციაზე დაშავებული მომიტინგე

9 ნოემბერი, 2020 • 1834
“თვალში ქიმიური დამწვრობა მაქვს” – აქციაზე დაშავებული მომიტინგე

სამოქალაქო აქტივისტი გოგი ხოჭოლავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 8-9 ნოემბრის ღამეს, ცესკოსთან აქციის დაშლისას დაშავდა. ხოჭოლავა ამბობს და მის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ სპეცრაზმელებმა სპრეი გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ.

გოგი ხოჭოლავას ტრავმული კონიუნქტივიტი დაუდგინდა.

“მარცხენა თვალში ქიმიური დამწვრობა მაქვს, რომელიც აირადი ნივთიერებიდან არ მიმიღია, ძალიან ახლო მანძილიდან სითხე შემასხეს, სპრეის სახით. ამ დროს ჟურნალისტებთან ერთად ვიდექი და ლაივი მქონდა გაშვებული. სპეცრაზმელმა ხელი გადმოყო და მიზანმიმართულად თვალებში შემომასხა. ექიმებმა არ იციან, რა ნივთიერება იყო, თუმცა წიწაკის სპრეი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ქიმიური დამწვრობა მაქვს. წიწაკის სპრეი ამდენ ხანს წვას და 70%-ით მხედველობის დაკლებას არ იწვევს. მარცხენა თვალში მხოლოდ 30% მაქვს მხედველობა ამ მომენტში. რამდენად აღდგენადია, არ ვიცი. რადგან საავადმყოფოში ადგილები არ იყო, მითხრეს, რომ სახლში უნდა წავიდე, დავისვენო და ხვალ მივიდე გამოკვლევებზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გოგი ხოჭოლავამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ 9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა და აღნიშნა, რომ სპეცრაზმის აღჭრუვილობაში იყო წიწაკის სპრეი.

“ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი. სხვაობა დიდია. ესაა აეროზოლი, რომელიც საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოიყენონ“,- განაცხადა საბანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი