ახალი ამბები

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვალოს — ლელო

9 ნოემბერი, 2020 • 802
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვალოს — ლელო

“ლელო” ცესკოსთან შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვალოს.

“ლელო” კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან. ხელისუფლების და მმართველი ძალის ანალოგიური ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელი დააფაროს გამყალბებლებს და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ქურდებს.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვდნენ, ძალის გამოყენება დაუშვებელია და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პირველივე წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპროპორციულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. წყლის ჭავლის და სავარაუდოდ გაზის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია. ეს ყველაფერი ხელისუფლების ისტერიაზე და პანიკურ ქმედებებზე მიუთითებს, — ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.

“ლელო” პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მოუწოდებს, რომ არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები.

8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა. ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ცესკოსთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. “ტვ პირველზე” ჩართვისას ჟურნალისტი, რომელიც სპეცილური დანიშნულების რაზმთან ახლოს იდგა, თქვა რომ სუნთქვა გაჭირდა, რადგან პოლიციამ გაზი გაუშვა.

წყლისჭავლთან ერთდა, პოლიციამ აქციის მონაწილების წინააღმდეგ გაზიც რომ გამოიყენა, ამაზე პირდაპირ ეთერში “მთავარი არხის” ჟურნალისტმაც განცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზის გამოყენებას უარყოფს, სპეციალურად გამართულ ბრიგინგზე, რომელიც ცესკოს წინ პოლიციის ქმედებებს ეხებოდა, შს მინისტრის მოადგილემ, გაზზე გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი