ახალი ამბები

პოლიციამ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წყლის ჭავლი | TI

8 ნოემბერი, 2020 • 1770
პოლიციამ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წყლის ჭავლი | TI

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას არ ახლდა სათანადო საფუძველი და წინასწარი გაფრთხილება, ხოლო შეკრებილ მოქალაქეებს, პროტესტის ლეგიტიმური უფლება გააჩნიათ.

“რამდენიმე წუთის წინ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო. პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.” – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშრისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წესრიგის დარღვევისას დასაშვებია წყლის ჭავლის გამოყენება, თუმცა ამ დროს, პოლიცია ვალდებულია, ამის შესახებ გააფრთხილოს აქციის მონაწილეები.

“კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად.”

ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის, აუცილებელია მოლაპარაკებები ხელისუფლების ჩართულობით.

“იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს პოლიციამ ცესკოს შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამდნენ ცესკოს წინ აღმართულ რკინის ჯებირს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს-ში გაკეთებულ ბრიფინგზე გაზის გამოყენების ფაქტი უარყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი