ახალი ამბებირეკლამა

გზა სულ არის მართო სტრესი

7 ნოემბერი, 2020 • 1432
გზა სულ არის მართო სტრესი

აქამდე სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სტრესს ახლა პანდემიისა და მისი შედეგების შიშიც დაემატა. ამიტომ, ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შევძლოთ სტრესის მართვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ 5 ოქროს რჩევა შემოგთავაზოთ და შეგახსენოთ, რომ თუნდაც გლობალური პანდემიის დროს, როდესაც სტრესი ფაქტობრივად გარდაუვალია, გზა სულ არის ვმართოთ იგი.

  1. იმოძრავეთ

რეგულარული ვარჯიში სხეულისა და გონების დასვენების ერთერთი საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას, მაგრამ გახსოვდეთ, საუკეთესო შედეგისთვის ფიზიკურ აქტივობას ინტენსიური სახე უნდა მისცეთ. ცხადია, აქ ფიტნესდარბაზებში საათობით ვარჯიში და სპორტის რომელიმე სახეობაში ოქროს მედალოსნობა არ მოგეთხოვებათ, საუბარია ისეთ აქტივობებზე, რომელთა გაკეთება სახლშიც შეგეძლებათ და გარეთაც.

ვარჯიშისას ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, ეს სწორედ ის ჰორმონებია, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებენ, თანაც, ამ დროს ძალიან მარტივია ყოველდღიური საზრუნავიდან ყურადღება უფრო სასიამოვნო საფიქრალზე გადაიტანოთ.

რამდენად უნდა ივარჯიშოთ კვირის განმავლობაში? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კვირის განმავლობაში სულ ცოტა 150 წუთი უნდა დახარჯოთ ზომიერად ინტენსიურ აქტივობებში, მაგალითად, სწრაფ სიარულში, ან კვირაში მინიმუმ 75 წუთი დაუთმეთ უფრო ძლიერი ინტენსივობის ვარჯიშს, როგორიცაა ცურვა, სირბილი, ან სხვა სპორტი. ასევე, შეგიძლიათ თქვენით შეადგინოთ საშუალო და ძლიერი ინტენსივობის აქტივობების ექვივალენტური კომბინაცია. უკეთესი შედეგისთვის, მოზრდილებმა უნდა გაზარდონ ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა კვირაში 300 წუთამდე, ან გააკეთონ მისი ექვივალენტი საშუალო ინტესნივობის აქტივობა. კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები კი უნდა გააკეთოთ კვირაში 2 ან მეტ დღეს.  თუ რაიმე ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებთ ვარჯიშისთვის სათანადო დროის დათმობას, ხელს ნუ ჩაიქნევთ, გახსოვდეთ, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ჯობია სრულიად უმოძრაობას.

  1. აკეთეთ სასიამოვნო საქმე 

აუცილებლად გამოყავით დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის. შეეცადეთ, რომ ყოველ დღე, თუნდაც 15-20 წუთის განმავლობაში, გააკეთოთ რაიმე ისეთი, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ და რა თქმა უნდა, სტრესის დაძლევაშიც დაგეხმარებათ. ახლავე შეგახსენებთ იმ საქმიანობებს, რომლებიც შესაძლოა ამ სტრესულ დროს სრულად გადაგავიწყდათ: მოაშენეთ მცენარეები და იზრუნეთ მათზე, წაიკითხეთ წიგნები, ხატეთ ის, რაც გიხარიათ და ხატეთ ისე, როგორც გამოგივათ, ან საკუთარი ხელებით გააკეთეთ სასარგებლო ნივთები სახლისთვის, უსმინეთ აუდიოწიგნებს და აუცილებლად იცეკვეთ – ყველგან და ყოველთვის, როცა მოგესურვებათ.

  1. გამოიმუშავეთ ჯანსაღი ჩვევები

რეგულარული, დაბალანსებული დიეტა ჯანმრთელობისთვის რომ სასარგებლოა, ნამდვილად გეცოდინებათ, თუმცა ჯანსაღი საკვები გუნება-განწყობილების კონტროლშიც რომ გეხმარებათ, შესაძლოა ყოველთვის არ გახსოვდეთ. თქვენი საკვები უნდა იყოს სავსე ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით და უცხიმო ცილებით. ჯანსაღი სხეული უკეთესად უმკლავდება სტრესს.

ნუ შეეცდებით სტრესთან გამკლავებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ამ გზით მოგვრილი შვება დროებითია. ნუ გაექცევით და შენიღბავთ სირთულეებს – გაუსწორეთ პრობლემებს თვალი და მოაგვარეთ ისინი ფხიზელი გონებით.

გამოიძინეთ, ძილი აუცილებელია გონებისა და სხეულის გამართული მუშაობისთვის. დაღლილობისას ტვინი ვერ მუშაობს სათანადოდ სხარტად და რაციონალურად, შესაბამისად სტრესის დონეც მატულობს.

  1. ილაპარაკეთ საკუთარ პრობლემებზე

თუ რამე გაწუხებთ, ამაზე საუბარი სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ პრობლემებზე საუბარი სირცხვილი არ არის, პირიქით, ეს ნდობის გამოვლინებაა ადამიანების მიმართ და ძალიან კარგი საშუალება იმის მისახვედრად, რომ ასეთი პრობლემებით თქვენ მარტო არ ხართ, სხვების მაგალითები, გამოცდილება და მხარდაჭერა კი ყოველთვის სასარგებლოა.

ვის ესაუბროთ? რა თქმა უნდა, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ნებისმიერ სანდო ადამიანს, ვინც შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცეთ ან უბრალოდ მოგისმინოთ და თანაგიგრძნოთ.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ სტრესის შესამცირებლად ყოველთვის შეგიძლიათ ესაუბროთ საკუთარ თავს. თუმცა, მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ესაუბროთ მზრუნველი და პოზიტიური მესიჯებით, ზუსტად ისე, როგორც ამას ძალიან ახლო მეგობართან საუბრისას იზამდით.

  1. დაეხმარეთ სხვებს

ცხადია, აქ არც ვინმეს დაფინანსება და არც რაიმე სახიფათო გმირობები მოგეთხოვებათ, თქვენ უკეთ იცით რა სახის დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ თქვენ გარშემომყოფ ნაცნობ თუ სრულიად უცხო ადამიანებს. გააკეთეთ ყოველდღე რაიმე, თუნდაც ძალიან მცირე სასარგებლო საქმე სხვებისთვის, იქნება ეს მოხუცი ადამიანის ქუჩაზე გადაყვანა, ვინმეს დაპურება, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, მეგობრის მოსმენა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ძალიან რთულია იყო მოწყენილი, როცა ვინმესთვის სასარგებლო ხარ.

მასალების გადაბეჭდვის წესი