ახალი ამბები

კამალა ჰარისი – პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდება

7 ნოემბერი, 2020 • 2165
კამალა ჰარისი – პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდება

კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი გახდება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ამას მოწმობს CNN-ის, FOX News-სა და სხვა მედიასაშუალებების მონაცემები, რომელთა თანახმადაც დემოკრატი ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია, ჰარისი კი – არჩეული ვიცე-პრეზიდენტი.

ამ შედეგით, ჰარისი ასევე ხდება აშშ-ის პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიური წარმოშობის მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ თანამდებობას დაიკავებს.

კამალა ჰარისი 1964 წელს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დედამისი, შიამალა გოპალანი ემიგრანტი იყო ინდოეთიდან და ძუძუს კიბოს მიმართულებით მკვლევარად მუშაობდა. ჰარისის მამა იამაიკელი-ამერიკელი პროფესორი იყო ეკონომიკის დარგში. წინასაარჩევნო კამპანიისას ჰარისი ხშირად საუბრობდა, როგორ ზრდიდნენ მშობლები ადამიანის უფლებებისა და აქტივიზმის პრინციპებით. მას არაერთხელ გაუსვამს ხაზი დედისა და მამის გავლენაზე მის საქმიანობაში.

კამალა ჰარისმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯი 1989 წელს დაამთავრა და ალამედას რაიონის პროკურატურაში დაიწყო მუშაობა პროკურორის ასისტენტად. მიიჩნევენ, რომ სწორედ აქედან იწყება მისი პოლიტიკური აღმასვლა.

2003 წელს ჰარისმა სან-ფრანცისკოს პროკურორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი მოიგო და გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც კალიფორნიაში ასეთი თანამდებობა დაიკავა, 2016 წელს კი ჰარისი გახდა მეორე ფერადკანიანი ქალი, რომელიც აირჩიეს სენატორად კალიფორნიიდან.  მისი მოწინააღმდეგეები ჰარისის კარიერის ამ პერიოდს აკრიტიკებენ, რადგან, მათი აზრით, სენატორმა კალიფორნიაში სისხლის სამართლის რეფორმა სათანადოდ ვერ გაატარა.

როგორც CNN წერს, კამალა ჰარისის მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე მისი გენდერი და წარმომავლობა, თუმცა ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან:

“მისი გამარჯვება ასევე წარმოადგენს მილიონობით ქალს [აშშ-ის] დემოგრაფიულ სურათში – ყოველთვის უგულვებელყოფილ, სისტემურად იგნორირებულ ქალებს, რომლებმაც ქვეყნის 200-წლიან ისტორიაში პირველად მიიღეს ძალაუფლება”.

სანამ ჯო ბაიდენი ვიცე-პრემიერის კანდიდატად წარადგენდა, კამალა ჰარისი მასთან ერთად დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მონაწილეობდა, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გამოევლინათ. მოგვიანებით, მან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა მხარდამჭერებს დაპირდა, რომ იბრძოლებდა ფასეულობებისთვის, რომლებსაც მისი კამპანია ეფუძნებოდა.

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე მაიკ პენსს ჩაანაცვლებს, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, 4 წლის მანძილზე საქმიანობდა ამ თანამდებობაზე.

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

მასალების გადაბეჭდვის წესი