ახალი ამბები

3700 ოქმითან 2400 არის გადაკეთებული, ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს | სააკაშვილი

4 ნოემბერი, 2020 •
3700 ოქმითან 2400 არის გადაკეთებული, ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს | სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების წინ მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ საარჩევნო კომისიების ყველა კანონდამრღვევი წევრი უნდა დაისაჯოს. მან ამის შესახებ ტვ “პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” ისაუბრა.

“3700 ოქმიდან 2400 არის გადაკეთებული. ასეთი მასშტაბის გაყალებება მე არ მახსოვს არც ბელარუსში, არც უზბეკეთში. ეს არჩევნები ნამდვილად არ შემდგარა. ამ არჩევნების გაყალბების, ყველანაირ მსოფლიო მასშტაბის, ყველანაირი დიქტატორული რეჟიმების უტიფრობის ზღვარს სცდება”, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“შევარდნაძეს აზრადაც არ მოუვიდოდა ამ დონეზე უარის თქმა საჩივრების განხილვაზე. როგორ ბედავენ საერთოდ დამკვირვებლებისა და დეპუტატების კანდიდატების არშეშვებას?! მე მინდა ვუთხრა პოლიციელებს, თქვენ არღვევთ კანონს, კონსტიტუციას, თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. აზრზე მოდით, ძმებო”, – აცხადებს სააკაშვილი.

“როცა ივანიშვილმა მოიპარა არჩევნები, საერთოდ საქართველოს არსებობის საკითხი დააყენა ეჭვქვეშ იმიტომ, რომ თუ საქართველოში არ არის არჩევანი, ქვეყანას ჰყავდეს ის მთავრობა, რომელიც ხალხს უნდა, მაშინ ეს ქვეყანა აღარაა”, – მიაჩნია სააკაშვილს.

სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც კანონს არღვევენ, აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

“მე ვეთანხმები ნიკა მელიას, რომ რევანში არ უნდა იყოს, მაგრამ საარჩევნო კომისიის წევრები, და აქ არის მთელი სია, მაგრამ განსაკუთრებით პირველი ხუთი წევრი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯონ, რომ საქართველოს ისტორიაში აღარავის მოუვიდეს აზრად ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა”, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ სურს “არანაირი თანამდებობდა და სურს მხოლოდ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა.”

ამ დროისთვის საქართველოს რამდენიმე ქალაქში, საუბნო საარჩევნო კომისიების წინ მიმდინარეობს პროტესტი, რათა კომისიებმა განიხილონ საჩივრები და ზოგ შემთხვევაში თავიდან გადაითვალონ ან გააბათილონ კონკრეტული უბნების შედეგები. თბილისში, ვაკე-საბურთალოში, შსს-ს განცხადებით, აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი