ახალი ამბები

თურქეთმა 10 მილიონი ლირით დააჯარიმა “ფეისბუქი”, “ტვიტერი” და სხვა კომპანიები

4 ნოემბერი, 2020 • 684
თურქეთმა 10 მილიონი ლირით დააჯარიმა “ფეისბუქი”, “ტვიტერი” და სხვა კომპანიები

თურქეთმა ხუთი უმსხვილესი სოციალური ქსელი 10 მილიონი ლირით($1.2 მილიონი) დააჯარიმა. ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელსაც უშუალო შეხება აქვს აღნიშნულ საქმესთან.

ცნობების თანახმად, დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან “ფეისბუქი”, “იუთუბი”, ტვიტერი”, “ინსტაგრამი” და “ტიკტოკი”. თურქეთის ახალი კანონის მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიებმა ქვეყანაში ადგილობრივი წარმომადგენლები უნდა დანიშნონ. ოფიციალური პირის ცნობით, სწორედ ამ დათქმის შეუსრულებლობა გახდა კომპანიების დაჯარიმების მიზეზი. მათ ასევე შეატყობინეს, რომ სამომავლოდაც დაეკისრებათ სანქციები, თუ მოთხოვნას არ შეასრულებენ.

ზემოხსენებულ რეგულაციას კრიტიკოსები განიხილავენ თურქეთის ხელისუფლების მცდელობად, გააკონტროლოს სოციალური მედია ქვეყანაში. “ბლუმბერგის” ცნობით, რუსული სოციალური ქსელი “VKontakte” ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც თურქეთში თავისი წარმომადგენელი დანიშნა.

ადგილობრივ წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის წარდგენას თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხისტი განცხადებები გასდევდა ფონად. მიმდინარე წლის ივლისში მან თქვა, რომ ქსელები, როგორებიცაა “იუთუბი”, “ტვიტერი” და  “ნეტფლიქსი”, თურქ ერს “არ ესადაგება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი