ახალი ამბები

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში პრობლემები გვაქვს — თბილისის ვიცე-მერი

4 ნოემბერი, 2020 •
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში პრობლემები გვაქვს — თბილისის ვიცე-მერი

პანდემიის გამო თბილისის ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში პრობლემა აქვს. ამის შესახებ დღეს, 4 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ამის გამო მერმა კახა კალაძემ მერიის სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სააგენტოს, სთხოვა, საპრივატიზაციო გეგმის შესასრულებლად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ხმალაძე შემოსავლების შემცირებას დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოუწევთ საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის მეტად მობილიზება.

„ხარჯვითი ნაწილი ეფექტიანად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დამტკიცებულია, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები პანდემიის გამო. დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თქვენი დავალებით, პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტიანად ვამუშავებთ, გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის კიდევ უფრო მეტად მობილიზება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს“, -ამბობს ხმალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი