ახალი ამბები

„პუბლიკა“: დააკავეს პირი, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა

3 ნოემბერი, 2020 • 1243
„პუბლიკა“: დააკავეს პირი, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა

ონლაინ-გამოცემა „პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა.

„პუბლიკამ“ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს განაცხადა, რომ მათ ჟურნალისტს გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მისი კუთვნილი ტელეფონი დააზიანეს.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი „იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა. ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. ძირს დაგდებულ ტელეფონს ინციდენტში მონაწილე სხვა პირმაც დაარტყა ფეხი“.

„კარგად გადამიღეთ, ოთო ვარ. არც სახეს ვმალავ, არც არაფერს”, – ციტირებს გამოცემა პირს, რომელმაც რეპორტიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით და ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით. ეს უკანასკნელი (154-ე) მუხლი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

მასალა განახლდება შსს-ის პასუხით

მასალების გადაბეჭდვის წესი