ახალი ამბები

დღეს პარლამენტში შესვლა პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავს — უგულავა

2 ნოემბერი, 2020 • 785
დღეს პარლამენტში შესვლა პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავს — უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში შესვლა პირდაპირ “ქართულ ოცნებაში” შესვლას ნიშნავს.

“ევროპული საქართველო” არჩევნების მეორე ტურებს სრულ ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

“არცერთი ჩვენგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” აქვს ორი არჩევანი. პირველი და მთავარი, რასაც ვითხოვთ, ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები. სხვა შემთხვევაში საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ჯამახირიას და ის თავისი არალეგიტიმურობის და აბსრუდულობის გამო ძალიან მალე ჩამოიშლება”, — განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება აქციები და  კვირას, 8 ნოემბერს ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

პარტიის კიდე ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნებზე სრული სიმძლავრით მუშაობდა „ორკესტრირებული გაყალბების მანქანა“, გაყალბებაში კი მონაწილეობას იღებდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კრიმინალური დაჯგუფებები.

„არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და გვაქვს ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი – ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად, ამიტომ ჩვენი შეფასება არის მკაფიო – ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და ის არ ასახავს ხალხის ნებას.

ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი