ახალი ამბები

თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები — სააკაშვილი

1 ნოემბერი, 2020 • 1315
თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, მზადაა საქართველოში პირველივე თვითმფრინავით ჩამოვიდეს.

სააკაშვილი 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა.

სააკაშვილის თქმით, პირველ რიგში, ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვიტონ, სასარგებლოა თუ არა მათთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა.

“თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე არ მინდა არცერთი თანამდებობა. ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ”, — განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში სააკაშვილმა.

სააკაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა არჩევნების შედეგები მისთვის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ჩათვლის თავს ვალდებულად, რომ საქართველოში იყოს, მიუხედავად მის მიმართ იმ სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებისა, რომელზეც “ქართული ოცნება” საუბრობს? რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ სიტყვა სამართლებრივი არაფერ კავშირში არ არის იმ  “უმსგავსობასთან”, რაც ივანიშვილმა მის მიმართ განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი