ნეტგაზეთი | “ოცნებას” პოლიტიკური სიხარბე, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს — კვირიკაშილი “ოცნებას” პოლიტიკური სიხარბე, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს — კვირიკაშილი – Netgazeti
RU | GE  

“ოცნებას” პოლიტიკური სიხარბე, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს — კვირიკაშილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, არჩევნებზე მმართველმა პარტიამ პოლიტიკური სიხარბე გამოიჩინა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ნაბიჯები ქვეყანისთვის სახიფათო შედეგს უახლოეს პერიოდში მოიტანს.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.

როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ – ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში – გარდაუვლად”, — წერს კვირიკაშვილი ფეისბუქზე.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ენდობა ცესკოს შედეგებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი საპროტესტო აქციებს გეგმავენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი