ახალი ამბები

ჩვენ მიერ გამოვლენილი დარღვევები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდეს – ადამიანის უფლებათა ცენტი

1 ნოემბერი, 2020 • 1117
ჩვენ მიერ გამოვლენილი დარღვევები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდეს – ადამიანის უფლებათა ცენტი

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა თავდაპირველად მშვიდ და სამართლიან პირობებში დაიწყო, თუმცა დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს.

ორგანიზაციის ცნობითვე, მათ დაკვირვებლები საჩივრების რეგისტრაციის დროს კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ. ასევე იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც.

როგორც დღეს, პირველ ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, იმ უბნებზე, რომლებსაც მათი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ, რაიმე თვალსაჩინო გაყალბების მცდელობები ძირითადად არ გამოვლენილა, თუმცა იყო პროცედურული დარღვევები, რამაც შესაძლოა წევრების დისციპლინარული დევნა გამოიწვიოს.

“ცალსახად შეიძლება ითქვა, რომ არსებითი გავლენა ამ დარღვევებს, რაც ადამიანის უფლებათ ცენტრის მონიტორებმა აღმოაჩინეს კენჭისყრის მომდინარეობისას, საბოლოო შედეგებზე არ მოახდენს გავლენას. გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა ცენტრმა. შესაბამისად, თუ გაბათილდება ეს გადასატან ყუთში ჩაყრილი ხმები, გარკვეულ გავლენას ეს არჩევნებზე მოახდენს”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე – გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის.

ასევე, გამოვლინდა დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მრავალჯერ ნახსენები პრობლემა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გახსნილი საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებმა არ იციან სახელმწიფო ენა – ქართული, რის გამოც ვერ ახერხებენ გამართულ კომუნიკაციას დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან”,-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებელ ტენდენციას უწოდებს ზოგიერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების აქტიურობას და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობას. ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით  „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ  საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ფაქტები ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

არჩევნების დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 18 საჩივარი (აქედან 4 საოლქო საარჩევნო კომისიაში) და 68 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში, თუმცა ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან:  1. კახეთში – საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2.
ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლში, გორის, ხაშურისა
და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი