ახალი ამბები

2016-18 წლებთან შედარებით დარღვევების უფრო დიდი რაოდენობაა – TI

31 ოქტომბერი, 2020 • 710
2016-18 წლებთან შედარებით დარღვევების უფრო დიდი რაოდენობაა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, დღის მეორე ნახევარში  ზოგიერთი უბნის გარეთ საპარლამენტო არჩევნები გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.

TI -საქართველოს მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 31 საჩივარი დაწერეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დარღვევებიდან გამოყოფს შემდეგ ფაქტებს:

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა 

  • გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდა „ტვ პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინ მედია „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუმტვრიეს ტელეფონი. სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

დამკვირვებლების გამოძევება

  • ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ჩვენი მობილური დამკვირვებელი არ შეუშვეს, ვინაიდან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
  • მარნეულის #13.23.13 უბანზე დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის უღებდა კაბინას ფოტოს გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული კაბინაში.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

  • გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეოკამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.
  • დმანისის #14.24.19 უბნის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა იქვე მყოფ პირს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
  • თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი კაბინაში მიჰყვებოდა ამომრჩეველს, რაზეც თავმჯდომარე არ რეაგირებდა.
  • გარდაბნის #13.21.58 ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს და დაეხმარა ბიულეტენის შევსებაში.
  • ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.
  • ადიგენის #17.38.12 უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები ერთმანეთის კაბინებში გადადიოდნენ და შემოხაზულ ბიულეტენს სხვებს აჩვენებდნენ.
  • გლდანის #08.10.108 უბანზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩვენებშიც მიაღებინეს მონაწილეობა.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

  • გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სიტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა

  • ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრობა შეუთავსებელია დამკვირვებლის სტატუსთან.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ბევრ უბანზე არ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს. გარდა ამისა, რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.

მარკირების წესების დარღვევა

  • რუსთავის #12.20.66 უბანზე ისეთ ამომრჩეველს მიაცემინეს ხმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება.
  • გლდანის #08.10.30 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მისთვის ნაცნობ ამომრჩევლებს არ უმოწმებდა პირადობების მოწმობებს და მარკირებას.

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა

  • წალენჯიხის #25.68.11 უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები

  • წყალტუბოს #22.58.29 უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში კი კომისიის წევრებმა პირადი ნომერი შეავსეს გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ.
  • გარდაბნის #13.21.21 უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.
  • ქუთაისი #23.59.55 უბანზე დარღვეულია გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი