ახალი ამბები

ხუდადოვზე გამოჩნდა “კაწრო” ამომრჩევლის ფსიქოლოგიური დამუშავების მიზნით – დოლიძე

31 ოქტომბერი, 2020 • 2745
ხუდადოვზე გამოჩნდა “კაწრო” ამომრჩევლის ფსიქოლოგიური დამუშავების მიზნით – დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, ჩუღურეთში, მე-5 საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ამომრჩვლის “ფსიქოლოგიური დამუშავების მიზნით” იმყოფებოდა.

მისი თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით ამომრჩევლის ნების კონტროლს არაპირდაპირ ახორციელებს და ამომრჩევლის ნების განხორციელებაში ერევა.

“მაგალითად, ხუდადოვზე, მე-5 საჯარო სკოლაში, ჭიშკართან დგანან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ფურცელზე შექმნილი, რომელთაც ახლა აქვთ დავალებული საარჩევნო სიების კონტროლი. ხუდადოვზე ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნებოდნენ კაწროს სახელს და გამოჩნდა კიდევაც ეს პატივცემული კაწრო იქ ,ადგილზე, ალბათ, ამომრჩევლის ფსიქოლოგიური დამუშავების მიზნით”, — აცხადებს დოლიძე.

მისივე თქმით,  ჩუღურეთში მე-11 უბანზე ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი ხალხიც აღმოაჩინეს.

დოლიძე საარჩევნო უბნებისათვის მცირე ფართის გამოყოფაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ზოგიერთ უბანზე წარმომადგენლები უადგილობის გამო გარეთ გაუშვეს.

“ეს არის ხელოვნურად შექმნილი  მართვადი ქაოსი, იმისთვის, რომ გაატრიალონ ხალხი, რომელიც მიზანდასახულად მივიდა იმისთვის, რომ გადაირჩიოს ეს ხელისუფლება. ხელისუფლება თვითონ ქმნის NGO-ებს და მერე ალაპარაკებს.

ჩვენ დავაფიქსირეთ ოთხი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფურცელზე შექმნილი, რომელსაც არ აქვს არცერთი საერთაშორისო გრანტი და რომლის ფუნქცია არის, რომ თუ პარტია ან კანდიდატი დააფიქსირებს დარღვევას, იქვე შეუშალონ ხელი: “იურისტთა და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია”, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”, “ახალგაზრდები დემოკრატიული განვითარებისთვის” და “ახალგაზრდული ცენტრი საქართველოსთვის”, რომლის უკან არის “ქართული ოცნების” ძალა”, — აცხადებს დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი