ახალი ამბები

არავის არ სჭირდება ვინმეს მოსმენა, ერთმანეთს ასწრებენ ჩვენთან ინფორმაციების მოტანას — კალაძე

29 ოქტომბერი, 2020 • 1191
არავის არ სჭირდება ვინმეს მოსმენა, ერთმანეთს ასწრებენ ჩვენთან ინფორმაციების მოტანას — კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები “ქართული ოცნებისთვის” ინფორმაციის მიწოდებას ერთმანეთს ასწრებენ და ამიტომ, “არავის არ სჭირდება” ვინმეს მოსმენა.

ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას — რას ნიშნავდა ირაკლი კობახიძის განცხადება და უსმენენ თუ არა დღეს ჟურნალისტებს?

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს “რადიკალური ოპოზციის” “დესტრუქციული გეგმების” ნაწილი მათი მედიასაშულაბებიც იქნებიან. ამის მაგალითად კი მან  “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი დაასახელა.

როგორც კალაძე ამბობს, დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის დაცული.

“ვერავინ გაბედავს, ვინმეს რამეში ხელი შეუშალოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვინც კი კანონს გადასცდება, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი, შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურის მხრიდან. არავის არ სჭირდება ვინმეს მოსმენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთმანეთს ასწრებენ ჩვენთან ინფორმაციების მოტანას”, — განაცხადა კალაძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ენმ-ის წარმომადგენელს სთხოვა, დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია “ხმაურის მოწყობას” გეგმავდა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, საიდან აქვს “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია, მან თქვა, რომ ეს “გამოჟონილი ინფორმაციაა.” კობახიძის განმარტებით, არჩევნების დღეს ენმ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, რასაც “პარტიული ტელევიზიები საკუთარი გაშუქებით არჩევნების მიმდინარეობაზე ყალბ სურათს შექმნის”.

ჟურნალისტ ნატო გოგელიას თქმით, კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ უსმენენ

მასალების გადაბეჭდვის წესი